თურქეთში ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები, მათ შორის იესო ქრისტეს საუკეთესოდ შემონახული ადრეული გამოსახულება, ახალ შუქს ჰფენს ქრისტიანობის ჩანასახოვან ეტაპებს, იუწყება The Independent.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანატოლიაში – თანამედროვე თურქეთში – არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სულ მცირე ათეული აქამდე უცნობი ეკლესია, რომლებიც თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით მეოთხე და მეხუთე საუკუნეებით. გარდა ამისა, ქალაქ პერგამონის ისტორიულ ნაწილში გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს წმინდა გიორგის, ინგლისის მომავალი მფარველი წმინდანის, ერთ-ერთი უძველესი გამოსახულება.
მეცნიერების აზრით, ეს აღმოჩენები მნიშვნელოვან წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ გახდა რომაული ანატოლია სწრაფად ახალი რწმენის აკვანი ქრისტეს ჯვარცმიდან, სულ რაღაც, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ იერუსალიმში, ჩვენი წელთაღრიცხვით, 30-იანი წლების დასაწყისში.
გასულ წელს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს იესოს, როგორც კეთილი მწყემსის, ფრესკა თურქეთის ქალაქ იზნიკში. ეს არის ქრისტეს, როგორც ზრდასრული ადამიანის, ხუთი უძველესი ავთენტური გამოსახულებიდან ერთ-ერთი, რომელიც ცნობილია მსოფლიოში. თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნის დასაწყისიდან შუა პერიოდამდე და ყველაზე კარგად შემონახულია ყველა ადრეულ ნიმუშს შორის.
რადგან ფრესკა მიწისქვეშა საოჯახო სამარხში, დაბალი ჟანგბადის დონით, დალუქული იპოვეს, მისი პიგმენტები თითქმის იდეალურ მდგომარეობაში იყო შემონახული – ზუსტად ისე, როგორც დაახლოებით 1800 წლის წინ იყო დახატული. გამოსახულება იმდენად სრულყოფილია, რომ ქრისტეს სახის ნაკვთები, მისი კვართის ცალკეული ნაკეცები და ხელები მკვეთრად გამოიკვეთა. ეს ნახატი ისტორიკოსებს დეტალურ წარმოდგენას აძლევს იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამდნენ ადრეული ქრისტიანები იესოს – წვერის გარეშე, მოკლედ შეჭრილ თმას და მდიდრულ რომაულ სამოსში გამოწყობილს.
