2025 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 731 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას ფლობდნენ. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ქვეყანაში სასტუმროების რაოდენობა გასულ წელს 2024 წელთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება აჭარაში (21.3%) და თბილისში (20.9%) იყო.
ამასთან, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისთვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას ინდივიდუალური მეწარმე წარმოადგენდა. ინდივიდუალურ მეწარმეებზე 2025 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 65.5% მოდიოდა.
საქსტატის მიხედვით, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2% – სახელმწიფო საკუთრებაში.
მონაცემების თანახმად, 2025 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობმა 3 964.6 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 9.8%-ით მეტია.
უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართობი 1 761.0 ათასი კვადრატული მეტრი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8.9%-ით მეტია.
როგორც საქსტატი განმარტავს, 2025 წელს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 120.2 ათასი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.0%-ით მეტია.
ნომრების საერთო რაოდენობა კი 6.1%-ით გაიზარდა და 54.3 ათასი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში 29 101 ადამიანი იყო დასაქმებული. დასაქმებულთა უმეტესობას, 54.5%-ს, ქალები წარმოადგენდნენ.
bpn.ge
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
