რუსეთის ხელისუფლება ერევანს დაემუქრა ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ბრილიანტების მიწოდების შესახებ შეთანხმების ცალმხრივი შეჩერებით, ან დენონსაციით, თუ სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას.
ამას მოწმობს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი ცივილევის, წერილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსადმი, იტყობინება „უკრინფორმი“ The Moscow Times-ზე დაყრდნობით.
„სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთქმედების გაღრმავების შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოცხადებული სურვილი საფრთხეს უქმნის რუსეთ-სომხეთის მაღალი დონის თანამშრომლობის შენარჩუნებასა და განვითარებას, რომლის ერთ-ერთი საფუძველი ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებია“, – ნათქვამია წერილში.
ცივილევმა ასევე განაცხადა, რომ ერევნის მცდელობები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „არ შეესაბამება ათწლეულების განმავლობაში აშენებული პარტნიორობის ბუნებას“.
2013 წლის შეთანხმების თანახმად, რუსეთმა სამუდამოდ გააუქმა სომხეთისთვის მიწოდებული ნავთობპროდუქტების, გაზისა და ბრილიანტების ექსპორტის გადასახადები.
ეს დოკუმენტი ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (EAEU) გაწევრიანებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო.
ამჟამად, სომხეთი თითქმის მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული: 2025 წელს „გაზპრომმა“ დაახლოებით 2.7 მილიარდი კუბური მეტრი მიაწოდა.
ერევნისთვის შეღავათიანი ფასი ათას კუბურ მეტრზე 177 დოლარია.
25 მაისს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: თუ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს დატოვებს, ფასი საბაზრო ფასებს დაუბრუნდება.
