დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად პროტესტის გამო 3 პატიმარი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“ – ომბუდსმენი

დღის სიახლეები სამართალი

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად კიდევ სამმა პატიმარმა გამოხატა პროტესტი, რის გამოც ისინი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“.

ომბუდსმენის აპარატის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, შაბათ-კვირას, 3–4 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში.

მათ მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და კიდევ სამი პატიმარი, რომლებიც დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ.
4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ გადაყლაპა რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი.
სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბრისას დავითაძემ თქვა, რომ თავს კარგად გრძნობდა.
მან უარი თქვა კლინიკაში გადაყვანაზე, – მისი განმარტებითვე, კლინიკაში გადაყვანაზე უარი პროტესტის ფორმაა.
დავითაძე აცხადებს, რომ კლინიკაში არ გადავა, სანამ მის მხარდასაჭერად დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებენ.
სხვა პატიმრებიც ჩივიან პირობებზე
სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ომბუდსმენის წარმომადგენლები შეხვდნენ ამ სამ პატიმარსაც.

ისინი დავითაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

„მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს“, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ დავითაძის „უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს“ გააგრძელებს.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *