ჩვენთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება – “ქართული ოცნება” ბოჭორიშვილის ამერიკაში მიწვევაზე

Uncategorized დღის სიახლეები პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. „ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ფაქტს დღეს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

მისი თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობა მათთვისაც საკმაოდ სერიოზული შენაძენი იქნება, რაც ბოლო პერიოდში გარკვეულ ფორმებს იძენს.

“უკვე გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებები, როგორებიცაა უსაფრთხოების სფერო და საგარეო საკითხებთან დაკავშირებული განხილვები. საქართველო, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად, დღეს საკვანძო გეოგრაფიულ მდებარეობად იქცა, რომელზეც ალტერნატიულმა გზებმა უნდა გაიაროს. ეს გზები ახლაც გადის, თუმცა, მასშტაბი გაცილებით უფრო დიდი უნდა იყოს. ეს, რასაკვირველია, ორმხრივ ურთიერთობებში განსახილველი ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია. იყო სხვა თემებიც, მათ შორის საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის საკითხები – ახლახან ამ თემაზე ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. გვახსოვს ამერიკისა და საქართველოს სამხედრო ძალების თანამშრომლობის ინტენსიური ეტაპი. ეს ყველაფერი საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ამ ურთიერთობებს პოზიტიური განვითარება ექნება. ეს კეთდება არა ვინმეს ნიშნის მოსაგებად ან კეკლუცობისთვის, რომ აშშ-სთან ვმეგობრობთ და საერთო პოზიციებს ვავითარებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია და მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს სტაბილურობას. აშშ არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

რასაკვირველია, მაკა ბოჭორიშვილის ამ ფორუმზე მიწვევა ერთ-ერთი სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ ფორუმზე ბევრი სხვა ქვეყანაც იქნება წარმოდგენილი და მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი ასევე იქნება მაკა ბოჭორიშვილის დღის წესრიგში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *