ქუთაისში მცხოვრებ ფოტოგრაფს და ქველმოქმედ ახალგაზრდას, დავით ოქროპილაშვილს, იგივე ,,დანტესს” საქართველოში ყველა კარგად იცნობს. მან წლების მანძილზე ქუჩის ფოტოგრაფიასთან ერთად, ქველმოქმედებით და ადამიანების ისტორიების მოყოლით ბევრჯერ გააერთიანა საზოგადოება, რითიც ადამიანების ცხოვრება შეცვალა.
– როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა ფოტოგრაფიაში და რა როლი აქვს მას თქვენს ცხოვრებაში? როდის გაჩნდა სურვილი, რომ ფოტოგრაფიის პარალელურად, ადამიანებსაც დახმარებოდით? როგორ იქცა ფოტოკამერა ადამიანების ცხოვრების შეცვლის ინსტრუმენტად?
– ფოტოგრაფია დავიწყე დაახლოებით 17 წლის ასაკში. სულ მიყვარდა ლამაზი ადგილების დათვალიერება, სიამოვნებას მანიჭებდა ეს და გადავწყვიტე, მოდი, ჩემი ფოტოაპარატითაც გამოვიდეს ეს ყველაფერი თქო და ასე დავიწყე. ჩემს მეგობრებთან მივედი, ვისწავლე ფოტოების დამუშავება. შემდეგ მეგობრებმა მითხრეს, დაგეხმარებით, რომ ფოტოგრაფიაც გასწავლოთ და რაღაცეები ნელ-ნელა ავითვისე.
ფოტოგრაფი რომ გავხდი, პირველ ეტაპზე, პეიზაჟებს ვიღებდი, ლამაზ ადგილებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დავიწყე ქუჩებში ფოტოების გადაღებაც, ადამიანების და ბუნებრივი კადრების გადაღება. ჯერ შორიდან, მერე ახლოსაც მივდიოდი და ბოლოს, დავიწყე პატარა სიუჟეტების გადაღება. ამ პერიოდში გავიცანი ხალხი, უშუალო შეხება მქონდა, ვსაუბრობდით მათთან და ამ დროს, ერთი მოხუცი გამოჩნდა, რომელიც მარტო ცხოვრობდა. საზოგადოებამაც მალე აიტაცა – მოდი, დავეხმაროთო. მოხუცი ამბობდა, რომ არავინ ჰყავდა, ქვაბებიც კი არ მაქვს – დამეწვაო… საზოგადოებასთან ერთად, გადავწყვიტეთ, ამ ადამიანს დავხმარებოდით. ის იყო ნიკო ბაბუ, რომელიც ახლა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. მისთვის ავაგროვეთ თანხები, მივედით მასთან და აქედან დაიწყო ჩემი საქმიანობა, რასაც საზოგადოებისთვის დახმარება ჰქვია.
– უამრავ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა. რომელი ისტორია დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რატომ? როგორ პოულობთ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ?
– მოხუცი ბაბუს შემდეგ, ძალიან ბევრი ისტორია იყო და ზოგადად, პირველ ეტაპზე, უფრო მეტად, მოხუც ადამიანებს ვეხმარებოდით. მაგალითად, იყო ერთი თალიკო ბებო, რომელიც ქუჩაში მწვანილებს ყიდდა. ასაკოვანი იყო, ვეცადეთ მისი დახმარება, ყველა მწვანილი შევიძინეთ და მერე სახლში წავიყვანეთ. რომ მივედით, ვნახეთ, რომ კიდევ უფრო ასაკიანი და ჰყავდა სახლში და ამბობდა, ვერ დავტოვებ, პროდუქტები უნდა მივუტანო სახლშიო. ეგ ადამიანიც ძალიან დამამახსოვრდა, საინტერესო პერსონაჟი იყო.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვპოულობ ადამიანებს; ცოტა “ისე” გამომდის, მაგრამ, ბოლო პეროდში ჩემთან დაკავშირება ძნელია. შეტყობინებები გადავსებული მაქვს ყველა სოციალურ ქსელში და ფაქტობრივად, პასუხებსაც ვერ ვაბრუნებ. ადამიანები კი შეიძლება, ასე ვიპოვო: შესაძლოა, ქუჩაში მივდიოდე და დავინახო, რომ მოხუცი, ან ბავშვი რამეს ყიდდეს. ან ვიღაცამ მითხრას საიმედოდ და სანდოდ, რომ ვიღაცას მართლაც უჭირს და სჭირდება ჩვენი დახმარება. თუკი მაქვს დრო და რესურსი, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, დავეხმარო.
– საქმიანობისას ხშირად ახერხებთ საზოგადოების გაერთიანებას. როგორ ფიქრობთ, რა აძლევს ადამიანებს ერთმანეთის დახმარების სურვილს?
– პირველრიგში, ის რაც საზოგადოებას ერთმანეთის დახმარების სურვილს აძლევს, არის ის, რომ არაფერს არ ვდგამთ და საზოგადოებას ვაჩვენებთ რეალობას. წინაწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი, რომ რაიმე სცენარები დავწეროთ. რაც ხდება რეალობა, ვცდილობთ, რომ ზუსტად მივიტანოთ ყველაფერი ადამიანებამდე, რაც იმ დროს, იმ სიტუაციაში ხდება. არ ვთამაშობთ, არ ვდგამთ არაფერს და რეალურად საზოგადოებაც ამ ყველაფერს ხვდება, რომ ამ ადამიანებს ესაჭიროებათ რეალურად დახმარება და მიაქვთ გულთან ეს ყველაფერი.
-თქვენს ფსევდონიმზე, ,,დანტესზე” რომ მოგვიყვეთ, რატომ აირჩიეთ ეს სახელი და რასთან არის დაკავშირებული?
– სკოლაში, რუსულის გაკვეთილებზე პუშკინის ლექსი მქონდა მოსაყოლი. ძალიან ცუდად მოვყევი, იმიტომ რომ რუსულთან ძალიან მწყრალად ვიყავი და ვერ ვკიხულობდი ნორმალურად. მასწავლებელმა მითხრა, “პუშკინი შენ მეორედ მოკალიო”. მე კი ვუპასუხე, ესე იგი, დანტესი ვყოფილვარ-თქო მასწავლებელო და ეს სახელი შემომრჩა. სოციალურ ქსელშიც ასე დავრეგისტრირდი და შემდეგ ეს მეტსახელი ფოტოგრაფიაშიც შემომრჩა.
– მოგვიყევით მარიამ კოხრეიძის და ლილიანა გოჭოშვილის ისტორიები. როგორ იპოვეთ ეს გოგონები, რა მდგომარეობაში იყვნენ, რა ოცნებები და მიზნები ჰქონდათ და როგორ დაეხმარეთ ოცნებების ასრულებაში? ახლა რას აკეთებენ? როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება?
მარიამ კოხრეიძე რომ აღმივაჩინეთ, მამა ჰყავდა ახალი გარდაცვლილი. მრავალშვილიანი ოჯახი იყო და მივედით, რომ საახალწლო სურვილები ჩამოეწერათ, რადგან ახალი წელი მოდიოდა და გვინდოდა გაგვეხარებინა ოჯახი. მარიამმა მაშინ საახალწლო სურვილად მითხრა, წიგნები მინდა, მეტი არაფერიო, თან მერე ვიდეოშიც აღმოვაჩინეთ, რომ სახის პრობლემა ჰქონდა და საზოგადოებამაც გულთან მიიტანა ეს ყველაფერი. შემდეგ თურქეთდან დაგვიკავშირდნენ ახლა უკვე ჩვენი მეგობრები. იმ პერიოდში არ ვიცნოობდით არცერთ მათგანს და გვითხრეს, რომ შეგვეძლო, ეს პრობლემა ოპერაციით მოგვარებულიყო და მერე რაც მოხდა მარიამის თავს, იყო ზღაპარი. მერე სახლზე ერთი კომპანია დაგვიკავშირდა, სახლიც სრულად გავაკეთეთ თავიდან ბოლომდე… ზღაპარში ვიყავით ყველა. მისი ოპერაციაც წარმატებული გამოვიდა, სახლიც და მისი ცხოვრებაც შეიცვალა. ის ძალიან კმაყოფილია.

ამ ყველაფრის შემდეგ ლილიანამ თავად გვიპოვა. ანალოგიური პრობლემა ჰქონია და თავად დიდი ხანი აგროვებდა ფულს ოპერაციისთვის. უბრალოდ, ჩვენც დავეხმარეთ და ერთობლივი ძალებით მოვახერხეთ, ლილიანას ოპერაციაც წარმატებული ყოფილიყო.
მე მათთან ახლა ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს, მარიამს სკოლაში შეჩერებული ჰქონდა სწავლა და დაბრუნდა. შემდეგ ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა თქვა, რომ სამომავლოდ შეძლებდა მათთან სწავლას. ის მეათე კლასში დაუბრუნდა სწავლას, გააგრძელა და სკოლის მოსწავლეა. ცდილობს და დარწმუნებული ვარ, მიაღწევს ყველა მიზანს, რაც აქვს. ლილიანა კი ზრდასრული გოგონაა, სწავლა დასრულებული აქვს და ახლა მუშაობს, როგორც ვიცი. თან პარალელურად სოციალურ ქსელშიც ძალიან აქტიურობს – ვლოგერია. ძალიან საინტერესო ვიდეოებს იღებს. მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
– თქვენ ასევე გაქვთ სხვა ისტორიებიც, მაგალითად, ტყუპი ძმების და ასევე პატარა გიოს. როგორ გაიცანით ისინი და რა იყო მათი ისტორიის ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი? როგორ შეიტყვეთ, რომ გიოს სურდა საკუთარი დანაზოგის ჩუქება მოხუცებისთვის?
– გიომ მომწერა მისი დედიკოს ფეისბუქიდან, როდესაც ნახა პანსიონატის მოხუცების ვიდეო. მოწერილი ჰქონდა, ყულაბა მაქვს, ტელეფონითვის ვაგროვებდი თანხას და მინდა გადმოგცეთო. პირველ რიგში, დავინტერესდით ბავშვის ასაკით, არასრუწლოვანი რადგან იყო, დამიკავშირდნენ მშობლები და გავესაუბრები მათ მეთქი. ქუთაისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს, მეზობლებთანაც გავიკითხე და ისე საოცრად დამიხასიათეს, როგორი საოცარი ბავშვიც თავად აღმოჩნდა. მისი სურვილი იყო, ყოველგვარი სარგებლის გარეშე გაეკეთებინა კეთილი საქმე და გამოუვიდა კიდეც. მან დამსახურებულად მიიღო საზოგადოებისგან სიყვარული და საჩუქრები.
რაც შეეხება ტყუპების ისტორიას. ერთ-ერთი ძმა, თორნიკე ჩვენს მეგობრებთან ერთად, საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობდა იმ დროს, როცა თვითონაც ეტლში იჯდა. ერთხელ, ჩვენმა მეგობარმა, ზურამ უთხრა, რომ იქნებ შევძლოთ და მოვახერხოთ შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაო. მან გვითხრა, რომ ადრე თურქი ექიმი ჩამოვიდა მასთან და თქვა, რომ არის შანსი გავლის, უბრალოდ დიდ თანხებზეა საუბარიო. მერე ზურამ რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი დაგეგმა, ჩვენც ერთობლივად ჩავერთეთ და საზოგადოებამაც ეს ყველაფერი აიტაცა, რადგან ჩვენც ძალიან მონდომებულები ვიყავით, ბიჭებიც და შევძელით ის, რაც შევძელით. ოჯახი დაუკავშირდა თურქეთში ჩვენს მეგობრებს და გაკეთდა ოპერაცია წარმატებით.
– თქვენი დახმარებით ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ. რამდენად შეცვალა ამ ადამიანებთან ურთიერთობამ თავად დანტესის ცხოვრება?
– ადამიანებთან ურთიერთობამ ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა. არის, ხოლმე, სიტუაციები, როდესაც რაღაცნაირად, უხასიათოდ ვარ და ქუჩაში რომ მივდივარ, ჩემთვს სრულიად უცხო ადამიანი მოდის და პოზიტიურად და თბილი სიტყვებით მესაუბრება. ეს ძალიან მაბედნიერებს, მავიწყდება ყველანაირი დაღლილობა და ვხვდები, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ ამ ცხოვრებაში. ჩემზე საზოგადოების ეს თბილი დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურად მოქმედებს.
მართალია, ყველას, ვინც იწერება, ვერ ვეხმარებით, მაგრამ ვის დახმარებასაც ვახერხებთ, ბედნიერი ვარ.
– თქვენს მშობლებს, როგორც ვიცით, ძალიან აწუხებთ თქვენი დაოჯახების საკითხი. რა ხდება ამ მხრივ და ორი სიტყვით მომავლის გეგმებზეც გვიამბეთ
ჩემს სამომავლო გეგმებშია დაოჯახება, მაგრამ ეს როდის მოხდება არ ვიცი, რადგან პიროვნება ამ დროისთვის არ მყავს, ვისთანაც ოჯახს შევქმნი. არც ურთიერთობაში ვარ ვინმესთან და რომ ვთქვა, გაისად ვაპირებ ცოლის მოყვანას მეთქი, არ იქნება რეალური. ყველაფერს თავისი დრო აქვს, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ის ადამიანი, რომელიც ჩემი მეორე ნახევარი გახდება.

სამომავლოო გეგმებს რაც შეეხება, ფოტოგრაფიის კუთხით მუშაობა დროებით მქონდა შეჩერებული. შემდეგი წლის დასაწისიდან ვაპირებ აქტიურად ისევ ამ კუთხით მუშაობას. ეზოში ვგეგმავ რაღაცეებს, ჩემს საფოტოსესიო სივრცეს ვაკეთებ და უფრო აქტურად გავაგრძელებ მუშაობას. გარდა ამისა, ქუჩაშიც მომენატრა ფოტოების გადაღება, მაგასაც განვაახლებ აუცილებლად.
ადამიანების დახმარებას რაც შეეხება, ამ კუთხითაც აქტიური ვიქნები. ახლაც გვაქვს გეგმაში, გვინდა ერთ პატარა ვაჟკაცს ცხოვრება უკეთესობისკენ შევუცვალოთ, ძალიან მნიშვნელოანი ოპერაცია ესაჭიროება და ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ.
ესაუბრა მაკა ხაზიური
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
