“შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ საფლავის ღირსეული დაცვა” – რა ხდება ზვიად გამსახურდიას საფლავზე

დღის სიახლეები საზოგადოება

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, მამის, ზვიად გამსახურდიას საფლავზე დაფის განთავსების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მიაჩნია, რომ ეს ეროვნული მნიშვნელობის საფლავის ვანდალური ხელყოფა, ისტორიული პიროვნების სახელის დამახინჯება და მისი სექტანტურ კულტად ქცევის მცდელობაა.

მისივე თქმით, აღნიშნული დაფა, რომელზეც წარწერილია “ელია”, მანანა არჩვაძის მითითებით დადეს.

“ზვიად გამსახურდიას საფლავზე დაფის განთავსება წარწერით „ელია“ სრულიად მიუღებელია. დაფა (რაც არის ვინმე გელა დიაკონიძის “შედევრი”) არაერთხელ აიღეს და კვლავ ჯიუტად აბრუნებენ, ეს უკვე მხოლოდ პირადი რწმენის გამოხატვა კი არა, ეროვნული მნიშვნელობის საფლავის ვანდალური ხელყოფა, ისტორიული პიროვნების სახელის დამახინჯება და მისი სექტანტურ კულტად ქცევის მცდელობაა. უკვე არაერთმა დაბნეულმა მნახველმა გვკითხა მეც და გიორგისაც, რას ნიშნავს ეს დაფა და ზედ დატანილი ეს წარწერა.

მანანა არჩვაძეს, ვისი მითითებითაც დადეს ეს საგანი აქ, სადაც სურს, იქ გამოხატოს პირადი განცდები და შეხედულებები, მაგრამ ეს არ ანიჭებს უფლებას, საზოგადოებას თავს მოახვიოს საკუთარი რელიგიურ-მისტიკური წარმოდგენები და ზვიად გამსახურდიას საფლავი ექსპერიმენტების ადგილად აქციოს.

ასეთი ქცევა არის უპასუხისმგებლო თვითნებობა, საზოგადოების უპატივცემულობა და ეროვნული მეხსიერებით მანიპულირება. შესაბამისმა უწყებებმა უნდა აღკვეთონ საფლავის იერსახის უნებართვო ცვლილება და უზრუნველყონ მისი ღირსეული დაცვა. ზვიად გამსახურდიას სახელი ეკუთვნის საქართველოს ისტორიას და არა რომელიმე ვიწრო ჯგუფის გამოგონილ კულტს” – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *