მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრებში კი ღვთისმსახურება ღამის თევით შესრულდება.
მართმადიდებელ ეკლესიაში ეს დღესასწაული, ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში დადგინდა.
საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, რომ თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
ეკლესია იოაკიმეს და ანას ღმრთის მშობლებს უწოდებს, როგორც იესო ქრისტეს ხორციელ წინაპრებს. მიჩნეულია, რომ მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.
21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს ბათუმის საკათედრო ტაძარში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
