პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ “ქართული ოცნება” აქტიურად იყენებს ტოტალიტარულ კონცეპტს – ხელისუფლების გაიგივებას სახელმწიფოს და ხალხის ცნებასთან.
მისი თქმით, ხელისუფლების მონაცემით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 53,93%. საინტერესოა, როდესაც ხელისუფლება თავს აიგივებს “ხალხთან”, რა მაჩვენებელია ეს მხარდაჭერა “ხალხის” კონტექსტში.
“2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალური, საბოლოო შედეგებით მიიღო 1 120 053 ხმა. საინტერესოა, ამომრჩეველთა რამდენი პროცენტი იყო ეს საქართველოს მთელ მოსახლეობასთან მიმართებით, რადგანაც ხელისუფლება თავს აიგივებს ხალხთან.
საქსტატის 2024 წლის აღწერის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581 ადამიანს შეადგენდა.
მოსახლეობის წილი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა 28,50%, ხოლო მოსახლეობის წილი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხმა არ მისცა 71,50%.
შესაბამისად, 53,93% არის „ქართული ოცნების“ წილი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმებში, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმების წილი საქართველოს მთელ მოსახლეობაში არის 28,50%.
შესაბამისად, ტოტალიტარული კონცეპტი, სადაც “ხელისუფლება” თავს აიგივებს “მოსახლეობასთან”, მეტისმეტად მცდარია და ცრუ პროპაგანდისტული შეტყობინებაა, რაც მარტივი არითმეტიკითაც დასტურდება სახელისუფლებო ოფიციალური მონაცემების მიხედვით.
დასკვნის სახით უნდა ითქვას: რომც ვენდოთ ოფიციალურ საარჩევნო თუ სტატისტიკურ მონაცემებს, ხელისუფლება შესაძლოა წარმოადგენდეს ამომრჩევლების ნახევარზე ოდნავ მეტს, თუმცა “ხალხის” კონტექსტში ამ მონაცემებითაც კი ხელისუფლება წარმოადგენს ხალხის მხოლოდ 28.5%.
იმედია, ამ თემაზე – ხალხისა და ხელისუფლების გაიგივებაზე სპეკულაციები დამთავრდება” – წერს არჩილ გამზარდია.



