საბავშვო ბაღებში პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის მოწოდებული ლაბორატორიული კვლევები – კახა კალაძე

დღის სიახლეები საზოგადოება

„უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღების აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული ფაქტი, არასწორი იქნებოდა. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. დღეს ბაღებში 60 ათასზე მეტი აღსაზრდელი გვყავს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ბავშვზეა საუბარი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, იგივე დამოკიდებულება იქნებოდა თუნდაც ერთი ბავშვის შემთხვევაც რომ დაფიქსირებულიყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის საჯარო ბაღებში ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, რათა აღსაზრდელების უსაფრთხოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილიყო.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება თუ არ გვაქვს შესაბამისი, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები. ჩვენ არცერთ პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის მოწოდებული შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტო სისტემატურად ამოწმებს პროდუქტებს. ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში როგორი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება საბავშვო ბაღებში ჩვენი შვილებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვებას, ბავშვების სათამაშოებს, რათა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. თეთრეულზეც კი განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული. ამიტომ დაველოდოთ შედეგებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას, ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას“, – განმარტა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კვებაზე ტენდერს აცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მუნიციპალიტეტი კი ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან აფორმებს.

„ჯერ უნდა გავიგოთ მიზეზი რა არის. მერწმუნეთ, ყველა დეტალი ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. კვებაზე ტენდერს აცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის შემდეგ, მათთან ფორმდება ხელშეკრულება. ისინი ვალდებული არიან, პროდუქციის მოწოდების დროს წარმოადგინონ ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები თითოეულ პროდუქტზე. დაველოდოთ მოკვლევას, თუ სად იყო პრობლემა, რა იყო ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. ჩვენ არც პრობლემებს გავურბივართ, არც პასუხისმგებლობას. თუ არის ჩვენი მხრიდან რაიმე არასწორად გაკეთებული ან შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ჩხრეკა ჩატარდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *