დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორ ვუყურებთ მიმდინარე პროცესს და რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პირობებში ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია, ხოლო ევროკავშირთან ურთიერთობების შენარჩუნების და დაახლოების შანსი ნულამდე მცირდება.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი დანიშნულება იყო ის, რომ ინფორმაცია მოკლედ, მთავარი აქცენტების მეშვეობით მიგვეწოდებინა დიპლომატიური კორპუსისთვის, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორ ვუყურებთ ჩვენ მიმდინარე პროცესს და ჩვენი აზრით რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა. ეს პოზიციები გავცვალეთ.
არჩევნების გაუქმებაა, როდესაც ყველა მეინსტრიმული ოპოზიციური პარტია უქმდება. შეგახსენებთ, მხოლოდ ისინი კი არ უქმდებიან, ვისზეც ახლა სარჩელია შეტანილი, ის პარტიები, რომლებიც კოალიციაში იყვნენ, ჩათვალეთ, რომ ყველანი უქმდებიან. ლიდერები ინდივიდუალურად აიკრძალებიან, სხვა თუ არაფერი.
რანაირად შეიძლება ამ ვითარებაში საერთოდ რამეს ეწოდოს არჩევნები, ეს გამორიცხულია. საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ეს სრულიად გასაგებია და ნულოვანი შანსია იმისი, რომ რაც გაუქმების შემდეგ მოხდება, ოდესმე რაიმე ფორმატში არჩევნები დაერქვას. ჩვენ მოვითხოვთ მინიმალურად სამართლიან არჩევნებს მაინც, გამოქვეყნებული გვაქვს ექვსი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროცესი, რომელსაც არჩევნები კი არ ჰქვია, არამედ შინაარსობრივად არის არჩევნები.
შანსი, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და უფრო მეტიც, ძალიან არ დაშორდეს მას, ამ გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ნულოვანი. სარჩელის პირობებშიც კი ძალიან გამწვავდა დამოკიდებულება, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების შანსი იქნება ნულოვანი“, – განაცხადა გვარამიამ.
***
ბიძინა ივანიშვილი პარტიების აკრძალვით ცდილობს, რომ თავი უალტერნატივოდ გამოაცხადოს, მაგრამ ვერაფერს ვერ ეტყვის იმ ადამიანს, რომელიც კანალიზაციის სუნში ცხოვრობს, წამლების ფულს ვერ იხდის, ჯანდაცვის ღირებულებას ვერ ანაზღაურებს, შვილს ნორმალურ განათლებას ვერ აძლევს. ეს საკითხები რჩება და ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. პოლიტიკას ისედაც აკლია მსგავს საკითხებზე საუბარი და საქმე პარტიების აკრძალვაზე საერთოდ ვერ მივიდოდა, ხალხი რომ აქტიურად ჩართული და პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყოს – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ოპოზიციური ალიანსისა“ და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გამართულ შეხვედრაზე ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძირითადად კითხვები იყო გაჟღერებული და არა პოზიციები. კითხვები კი იმას შეეხებოდა, თუ რას აპირებდნენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემდეგ.
„პოლიტიკური ალიანსის“ წევრები, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ვცვლით. ახლაც პარტიების აკრძალვის მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და ინფორმაციები გვაცვალეთ. ისეთი ინფორმაციები, როგორიცაა ამ პროცესის სამართლებრივი, პოლიტიკური და საერთაშორისო მხარეები. ერთადერთი რამ, რაც ამ შეხვედრას სხვა შეხვედრებისგან განასხვავებდა ის არის, რომ „ჯერ საქართველო“ იყო პარტნიორი პარტია, რომელიც ამ საქმეში დაგვემატა. ძირითადად კითხვები მოვისმინეთ პარტნიორებისგან და არა პოზიციები, კითხვები შეეხებოდა თუ როგორ ვაპირებთ გაგრძელებას ან რა მოხდება პარტიების აკრძალვის მეორე დღეს და ა.შ. ივანიშვილი სურვილებს ვერ აკრძალავს და ჩვენ ამ სურვილებზე ლაპარაკს ვერ აგვიკრძალავს. ჩვენ პოლიტიკურ ველზე გვაქვს ბრძოლა მოსაგები. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიების აკრძალვით ცდილობს, რომ თავი უალტერნატივოდ გამოაცხადოს, მაგრამ ვერაფერს ვერ ეტყვის იმ ადამიანს, რომელიც კანალიზაციის სუნში ცხოვრობს, წამლების ფულს ვერ იხდის, ჯანდაცვის ღირებულებას ვერ ანაზღაურებს, შვილს ნორმალურ განათლებას ვერ აძლევს. ეს საკითხები რჩება და ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. პოლიტიკას ისედაც აკლია მსგავს საკითხებზე საუბარი და საქმე პარტიების აკრძალვაზე საერთოდ ვერ მივიდოდა, ხალხი რომ აქტიურად ჩართული და პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყოს. ეს გვაქვს შესაცვლელი და ამას უკვე ვცვლით, 26 მაისიდან მოყოლებული კამპანია გვაქვს დაწყებული „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“ და 2027 წლის ბოლოსთვის ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფედერალისტური ქსელი გვეყოლება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ხელს ვერ შეუშლის“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ „პოლიტიკური ალიანსის“ ლოგოდან ამოღებას, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან ექვსი თვის წინ გავიდა და დღეს ლოგოდან მხოლოდ იმიტომ მოხდა მათი ამოღება, რომ შეხვედრა ჰქონდათ.
***
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ალიანსის მუშაობაში არ იღებენ მონაწილეობას ძალიან დიდი ხანია, თვეების წინაც იყო რაღაც პერიოდი, როდესაც საჯაროდ აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ ალიანსის წევრები იყვნენ, თუმცა არცერთ სამუშაო შეხვედრას, რომელიც ალიანსში იმართებოდა, მათი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, ამიტომ კარგია, რომ ახლა საჯაროდ ითქვა ის, რაც დე ფაქტო რეალობა იყო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ დააზიანებს ეს ოპოზიციური ერთობას, ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ არანაირი ოპოზიციური ერთობა არ არსებობს, არსებობს ალიანსი, რომელიც ახლა ყველაზე მეტი პოლიტიკური ჯგუფია გაერთიანებული.
„არ არსებობს ოპოზიციური ერთობა, არსებობს ალიანსი, სადაც არის ახლა ყველაზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი გაერთიანებული. პლუს, ალიანსი თანამშრომლობს როგორც სამოქალაქო ჯგუფებთან, ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. მაგალითად, დღესაც აქ ნახეთ, რომ იყვნენ „ჯერ საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, მაგრამ რაღაც ტიპის საკითხები არის, სადაც შეგვიძლია ერთად რაღაცები ვაკეთოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავიზარდოთ და უფრო დიდი კონსოლიდაცია მოხდეს ძალების, იმიტომ, რომ გვესმის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვიღაცები ამას ასე არ უყურებენ და ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც სხვანაირად ხედავენ ამ რეალობას“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქამდე ვერ ჩატარდება, ვიდრე „რეჟიმი უკან არ დაიხევს“.



