ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ სიის ხუთეულში უნდა ყოფილიყო

დღის სიახლეები პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტიის სიის ხუთეულში უნდა ყოფილიყო, თუმცა, მისი თქმით, რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ სიაში აღმოჩნდა. ინაშვილი ამ შემთხვევას „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი პარტიის კანდიდატებისა და წევრების გადაბირების უფრო ფართო პროცესს უკავშირებს და პრემიერ ირაკლი კობახიძეს ეკითხება, იყო თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

ინაშვილი ასევე სვამს კითხვებს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულ ქონებაზე, დავით გარეჯის საქმესა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ჩიჩხიტურის კოშკთან ყოფნაზე.

2016 წელს მიხეილ ყაველაშვილი პატრიოტთა ალიანსის სიის ხუთეულში უნდა ყოფილიყო, მაგრამ უეცრად, რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ სიაში აღმოჩნდა. ეს რომ ერთეული შემთხვევა ყოფილიყო ან მსგავსი შემთხვევა, თუნდაც, ხუთი რომ ყოფილიყო, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ასეთი ფაქტები 2016 წელსაც და 2020 წელსაც ასობით დაფიქსირდა, არ დარჩა ქალაქი თუ სოფელი, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს არ იბირებდა ან ჩვენი პარტიის ავტორიტეტულ წევრებს არ არიდებდა პოლიტიკას. განსაკუთრებით მასშტაბური იყო ეს პროცესი 2020 წელს, საზოგადოებისთვის ცნობილი ათობით ადამიანი ჩვენგან მიჰყავდათ. ზოგი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში გადაყავდათ, უფრო მეტს სახელმწიფო სამსახურში ასაქმებდნენ, ზოგიც უბრალოდ დაიჭირეს, როგორც მაგალითად, სამველ პეტროსიანი- ახალქალაქში. 2020 წელს ამ პროცესებს სწორედ ამჟამინდელი პრემიერი კობახიძე ხელმძღვანელობდა. სამველ პეტროსიანიც მან დააჭერინა და ივანიშვილის პირადი ჩარევა გახდა საჭირო ამ კაცის გამოსაშვებად. ას ადამიანს მაინც დავასახელებ, რომლებიც ზემოაღწერილი მეთოდებით ჩამოაშორეს ჩვენს პარტიას. პრემიერ კობახიძეს უბრალო კითხვას ვუსვამ: არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?
2020 წელს მე პარლამენტში არ შევედი, არ შევიდა გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, მაგრამ ახლა სულ სხვა რამ მაინტერესებს, ამავე პერიოდში პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა (ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად) ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველოც, სხვა პარტიებიც. დამაფიქრებელი ისაა, რომ ჩვენი უარი პარლამენტში შესვლაზე განცხადების დაწერიდან 15 დღეში დააკმაყოფილეს, ლიბერალურ პარტიებს კი, კატეგორიულად არ უკმაყოფილებდნენ მოთხოვნას და საბოლოო ჯამში, არც დაუკმაყოფილეს, ფაქტობრივად, „ძალით შეათრიეს პარლამენტში“ (ეს მათივე ციტატაა) და საპარლამენტო ტრიბუნიდანაც ამ ფაქტს საჯაროდ აჟღერებდნენ. ვუსვამ კითხვას პრემიერ კობახიძეს: არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?
ბარიერგადალახულ პარტიას- პატრიოტთა ალიანსს ფრაქციის შექმნის საშუალებას რომ გაუუქმებ, საარჩევნო კომისიის წევრებს რომ ჩამოართმევ, ხელოვნურად რომ შექმნი „ევროპელ სოციალისტებს“ და ჩვენი კომისიის წევრებს რომ უკანონოდ გადასცემ და რაც მთავარია, ამ რესურსს „ქართული ოცნების“ აქტივით რომ ჩაანაცვლებ, მაინტერესებს: არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?
პარტიებს რომ ხელოვნურად ქმნი, რომლებსაც თავად მართავ, ხელოვნურად აწინაურებ და პოლიტიკურ სივრცეში მათ დამკვიდრებას ცდილობ, ამასაც შენი ძალაუფლების განსამტკიცებლად რომ აკეთებ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია?
დაბეზღების სისაძაგლეს რომ აკანონებ, შემდეგ მაბეზღარებს რომ პოულობ, პოლიტიკოსებზე „დანოსებს“ აწერინებ და სისხლის სამართლის საქმეებს რომ ღძრავ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?
საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ სრულად დაეპატრონები, იმედს, რუსთავი 2-ს და სხვა სახელისუფლებო არხებს რომ ბოლომდე დაიმორჩილებ და პოლიტიკური კონკურენტების სახელის გატეხვაზე ამუშავებ, ხელშიჩადგებული ტელევიზიების ეთერს შენთვის არასასურველ ოპონენტებს რომ უბლოკავ, ხოლო სხვა ტელეარხებზე გამოსვლის გამო, მუდმივად აშავებ და ჩირქს სცხებ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შენს კონკურენტებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლებას უზღუდავ? ამავდროულად, სხვადასხვა გზებით ალტერნატიულ ტელეარხებს რომ ანადგურებ, არის თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია? არის თუ არა ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება,- საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ?
არ გეგონოთ, რომ ამ კითხვებით შემოვიფარგლები, ეკონომიკურ კორუფციაზეც დავწერ და სოციალურ სფეროსც შევეხები, ახლა კი, სამ კითხვას დავსვამ:

  1. საიდან და როგორ აღმოჩნდა ღარიბაშვილის სახლში ოქროს ზოდები, ძირფასეულობა და რაც მთავარია, ფული?
  2. არა გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, არამედ სრულიად სხვა ადამიანი, პოლიტიკოსი გიორგი ლილუაშვილი, ლაზარე ჯორბენაძის თანამებრძოლი საჯაროდ აცხადებს, რომ ჯორბენაძემ მას აჩვენა დავით გარეჯთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტი, გიორგი ლილუაშვილის ეს განცხადება რატომ ამოიღო გამოძიებამ ჩვენებიდან?
  3. და ბოლოს, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვსარგებლობ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით და ვეკითხები პრემიერ კობახიძეს: განგვიმარტეთ, რატომ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურის კოშკთან, რის საფუძველზეა შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება ბერთუბნისა და უდაბნოს ტაძრისკენ?
    ირმა ინაშვილი, თბილისი, 2026 წლის 17 სექტემბერი.
    P.S. როგორც აღვნიშნე, უახლოეს დღეებში ვისაუბრებ ეკონომიკაზეც, სოციალურ სფეროზეც და არა მარტო ამ სფეროებზე, ყველა იმ სიმახინჯეზე, რაც ფეოდალურ სახელმწიფოშია დამკვიდრებული!”, – წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინასვილი სოციალურ ქსელში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *