გირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა – ამის შესახებ ცნობილი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება.
ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა.
საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი იმავე დღეს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარემ არასრულწლოვანს წარდგენილი ბრალდება შეუმსუბუქა და ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავდროულად, პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე”- წერს პროკურატურა.
დაკავების პირელივე დღიდან 15 წლის მოზარდის ოჯახის წევრები და ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ სკოლის მოსწავლე თავს იცავდა, რადგან 50 წლის მამაკაცი ცდილობდა მასზე სექსუალურად ეძალადა.
მოკლული საქართველოში აზერბაიჯანიდან რამდენიმე დღის ჩამოსული იყო, რუსთავში ბინა ჰქონდა ნაქირავები და სარემონტო სამუშაოებზე დადიოდა, მათ შორის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში. სწორედ სოფელ ნაზარლოში გაიცნო მან 15 წლის ბიჭი და ადგილობრივების თქმით, მას გასამრჯელოს სანაცვლოდ დასაქმება შესთავაზა.
დაკავებულის ოჯახი “პირველებს” უყვებოდა, რომ სოფელ ქესალოში სამუშაოების დასრულების შემდეგ, 50 წლის კაცმა მოსწავლეს რუსთავში მის სახლში სასადილოდ წასვლა შესთავაზა, რის შემდეგაც სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა. არასრულწლოვნის ოჯახი ამბობს, რომ ბიჭი თავს იცავდა.
გარდაცვლილს დაზიანებები სამზარეულო დანით აქვს მიყენებული. მოზარდი თავად ჩაბარდა პოლიციას, მანამდე კი ოჯახს ყველაფერი დეტალურად უამბო.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
