რუსეთში საქართველოს გავლით კანადაში მოპარული ავტომობილები შედის – The New York Times

დღის სიახლეები საზოგადოება

რუსეთში საქართველოს გავლით კანადაში მოპარული ავტომობილები შედის. ამის შესახებ The New York Times საერთაშორისო საპოლიციო ორგანიზაციის, ინტერპოლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, კანადის პოლიციის მონაცემებით, კონტრაბანდისტებს მოპარული კანადური ავტომობილები რუსეთში ხშირად არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით გადაჰყავთ. ოფიციალურმა პირებმა, ასევე, დაადგინეს მარშრუტები საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ლიეტუვის გავლით.

ინტერპოლის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში, დაახლოებით, 5000 მოპარული კანადური ავტომობილი კონტრაბანდულად შეიყვანეს. კერძოდ, ინტერპოლმა 4798 შეტყობინება მიიღო, რომ 2024 წლის თებერვლიდან 2026 წლის ივლისამდე რუსეთში მოპარული კანადური ავტომობილები იქნა ნაპოვნი.

კანადის სასაზღვრო სააგენტოს ცნობით, ყოველ კვირას მონრეალის პორტში ათეულობით კონტეინერი იჩხრიკება და 20-დან 30-მდე მოპარული მანქანა ვლინდება, რომელთა საერთო ღირებულება 2 მლნ დოლარამდეა. მსგავსი შემოწმებები სხვა პორტებშიც ტარდება. გასულ წელს კანადელებს საზღვარგარეთიდან, მათ შორის, რუსეთიდან, დაახლოებით, 200 მოპარული ავტომობილი დაუბრუნდათ. მაგალითად, გასულ თვეში რუსეთიდან კანადაში ექვსი მოპარული მანქანა ჩავიდა.

The New York Times წერს, რომ მანქანები კანადიდან გადაზიდვის კონტეინერებით გადის და რუსეთში ახლო აღმოსავლეთის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ლიეტუვის გავლით არის იმპორტირებული.

კანადაში ყველაზე ხშირად მოპარულ ავტომობილებს შორის პიკაპები, Ford F-150, Dodge Ram და Toyota Tundra-ა. გამოცემა წერს, რომ ეს მანქანები ქვეყნიდან „შეკვეთით“ და კონტრაბანდულად ყველაზე ხშირად გააქვთ. კერძოდ, საერთაშორისო ბაზარზე რუსული კრიმინალური დაჯგუფებები შედიან და კანადურ ორგანიზაციებთან კავშირს ამყარებენ. ამ პიკაპებს რუსეთი უკრაინის ფრონტის ხაზზე დრონების გასაშვებად იყენებს. ისინი სატელიტიდან ირანშიც დააფიქსირეს.

მოპარული ავტომობილი ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში მყისიერად არ ხვდება; ამას თვეები სჭირდება. ამ დროის განმავლობაში ის ოკეანეებს, ყველა საბაჟო საზღვარს ადვილად კვეთს და რუსეთის ფედერაციაში შედის. მონაცემთა ბაზაში დამატების დროისთვის ავტომობილი უკვე რამდენჯერმე არის გადაყიდული.

“იმის მიუხედავად, რომ დასავლური ექსპორტის აკრძალვამ რუსეთი ავტობაზრის დიდ ნაწილს ჩამოაშორა, მათ ბრენდირებულ ჯიპებსა და პიკაპებზე მოთხოვნა არ შეუმცირებიათ. ამან კრიმინალების დახვეწილი ქსელის გაჩენა გამოიწვია, რომელიც ავტომობილებს იპარავს, მათ სატვირთო კონტეინერებში მალავს და რუსეთში ყველაზე ხშირად ახლო აღმოსავლეთის გავლით აგზავნის,” – წერს The New York Times.

bpn.ge

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *