სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს ქონებით უზრუნველყოფა მოხდა.
კერძოდ კი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ახობაძის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფა მისი ქონებით მომხდარიყო.
უფრო კონკრეტულად კი, ლევან ახობაძეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რაც გასულ სხდომაზე სასამართლომ 500 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და გადასახდელად 30 დღე განუსაზღვრა. სწორედ, აღნიშნული თანხის ქონებით უზრუნველყოფა მოითხოვეს ადვოკატებმა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


