კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადგილობრივებმა დიდი რაოდენობით ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს. ამის შესახებ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში სოფლის მცხოვრები და აქტივისტი უჩა ქემაშვილი ავრცელებს.
ვიდეოს ავტორის თქმით, ადგილობრივი ფერმერები მოწეული მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ, რის გამოც იძულებულები გახდნენ, პროდუქცია ხევის პირას, ნაგავსაყრელზე დაეტოვებინათ.
მისივე განმარტებით, ხილის ნაწილი პირდაპირ ყუთებითაა გადაყრილი.
„მთები აყენია გადაყრილი ატმის. ხედავთ თქვენ, როგორი კარგი ატამია გადაყრილი. ახლა, რა თქმა უნდა, დალპა, ამდენი ხანი რომ ასე ყრია.
ხევის პირას ყრია, ნაწილი წყალმა წაიღო. ზოგიერთმა თქვა, ნასეტყვიაო – აჰა, ნასეტყვია ეს ატამი?! ამას სეტყვა აქვს სადმე წამორტყმული? რომელსაც გინდათ, იმას ავიღებ ხელში. ასეთი კარგი ატამია გადაყრილი.
რა ქნან, როცა ვეღარ გაყიდა გლეხმა, ადგა და ნერვებმოშლილმა გადაყარა,“ – აცხადებს უჩა ქემაშვილი.
ადგილობრივი ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გაჟღერებულ კრიტიკასაც იმის შესახებ, თუ რატომ არ გადასცეს ფერმერებმა გაუყიდავი პროდუქტი გაჭირვებულ ოჯახებს:
„ზოგიერთები ნუ გამოხტებით ხოლმე, გაჭირვებულებს წაუღონო. ნერვებმოშლილმა სად უნდა წაუღოს გაჭირვებულებს?! ჩამობრძანდით, ბატონო, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში და რამდენსაც გინდათ, იმდენს გაგატანთ.
როცა გენერვიულებულია გლეხი, ვერ ყიდის, დიზელი 4 ლარამდეა უკვე, გაჭირვებულებს როგორ უნდა წაუღოს, მითხარით? საწვავის ფულიც არ აქვს ხალხს, ისეთი გაჭირვებაა,“ – აღნიშნავს ვიდეოს ავტორი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
