საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებით, „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წესი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას.
რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას განახორციელებს სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრებისთვის კონსულტაციის გაწევას, საჩივრების განხილვას, წესის შესრულების მონიტორინგსა და შემოწმებას. წესი ვრცელდება ქვეყნის შიდა და საერთაშორისო სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანებზე, რომელთაც საქართველოში რეგისტრირებული სარკინიგზო საწარმო ახორციელებს.
სხვა საკითხებთან ერთად, წესით ძირითადად რეგულირდება: მგზავრის ინფორმირების ვალდებულება – მგზავრობის დაწყებამდე და მგზავრობის პროცესში გადაყვანა-გადაზიდვის პირობების, ტარიფების, განრიგის, შეფერხებების, დაგვიანებებისა და საჩივრის წარდგენის პროცედურების შესახებ;
ბილეთის საფასურის ანაზღაურება და მარშრუტის შეცვლა – თუ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა 60 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანდება, მგზავრი ირჩევს ბილეთის საფასურის სრულ ანაზღაურებას ან მგზავრობის გაგრძელებას/მარშრუტის შეცვლას მსგავსი სატრანსპორტო პირობებით, დამატებითი ხარჯის გარეშე;
კომპენსაცია დაგვიანებისთვის – სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისას მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს ბილეთის საფასურის 25% – 60 წუთიდან 120 წუთამდე დაგვიანებისთვის და 50% – 120 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისთვის. წესი ითვალისწინებს გამონაკლის გარემოებებს, როდესაც კომპენსაციის ვალდებულება არ წარმოიშობა;
დახმარება – 60 წუთზე მეტი დაგვიანებისას სარკინიგზო საწარმო მგზავრს უსასყიდლოდ სთავაზობს საკვებსა და სასმელს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – დროებით განთავსებასა და ტრანსპორტირებას;
ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ბარგის დაკარგვის, დაზიანებისა და დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში კომპენსაციის პირობები; მგზავრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება სარკინიგზო შემთხვევის, სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დროს;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირთა მომსახურების პირობები – ჯავშნისა და ბილეთის პირობები დამატებითი საფასურის გარეშე, უსასყიდლო დახმარება სადგურსა და მატარებელში წინასწარი, სულ მცირე 24 საათით ადრე შეტყობინების საფუძველზე, გადაადგილების დამხმარე საშუალებების დაზიანების ან დაკარგვის კომპენსაცია, აგრეთვე პერსონალის სავალდებულო მომზადება;
მომსახურების ხარისხის სტანდარტები – სარკინიგზო საწარმო ვალდებულია დაადგინოს მომსახურების ხარისხის სტანდარტები და დანერგოს ხარისხის მართვის სისტემა. საჩივრის წარდგენა – მგზავრს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს შემთხვევის დადგომიდან 3 თვის ვადაში. საჩივარი განიხილება 1 თვის ვადაში. თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განხილვის ვადა გავიდა, მგზავრს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს.
სარკინიგზო შემთხვევასთან დაკავშირებული საჩივარი პირდაპირ სააგენტოს წარედგინება. ზედამხედველობა და აღსრულება – რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას განახორციელებს სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. სააგენტო უზრუნველყოფს მგზავრებისთვის კონსულტაციის გაწევას, საჩივრების განხილვას, წესის შესრულების მონიტორინგსა და შემოწმებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დარღვევის მის მიერ დადგენილ ვადაში გამოსწორება, გასცეს წერილობითი რეკომენდაცია ან დააკისროს სამართალდამრღვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
