ნიკა გვარამია – საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო: ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით?! 

დღის სიახლეები პოლიტიკა

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, მინდა საქართველოს დამაქცევარ და ხელისუფლების მიმთვისებელ ივანიშვილის რეჟიმს ვკითხო – ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით?! – ეს განცხადება “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა.

გვარამიამ აღნიშნა ისიც, რომ ადგილი აქვს ისტორიის გადაწერას და მისი კითხვები მხოლოდ რიტორიკულია.

გვარამიამ დღეს განაცხადა ისიც, რომ ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი, მშვიდობიანი გზა ევროკავშირის წევრობა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაინტერესებაა, რომ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი და მდიდარი სახელმწიფოს ნაწილი გახდნენ.

მან “ქართულ ოცნებას“ “მოღალატე“ უწოდა.

“დღეს აფხაზეთში ომის დაწყების დღეა! ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით?! ვინ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ყველა შეთანხმება, მათ შორის სწავლის დაწყების შემდეგ? გაგრაში ვინ შევიდა, ვინ დახოცა ხალხი და ვინ ითამაშა ქართველების თავებით ფეხბურთი გაგრის სტადიონზე? – ეს მითოლოგია არ არის, ეს ნამდვილი ამბავია! ვინ მოახდინა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში? – შემთხვევით ეს ჩვენ ხომ არ ვართ?! უკვე ათწლეულებია, რაც იქიდან ქართველები ვართ გამოყრილი, დახოცილი, სახლ-კარ წართმეულები. რასაც დღეს ვიტანთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო 2008 წელს, რომ თურმე რუსეთისთვის საქართველოს მითვისების საფუძველი – “გეორგიევსკის ტრაქტატი” კარგი ყოფილა, ამის ატანა არ შეიძლება!

მინდა ვიკითხო, ვინ შეიტანა ბენზინი საქართველოს კონსტიტუციის და კანონის დარღვევით ოკუპირებულ აფხაზეთში ანი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს? ვის აქვს გარანტია იმისა, რომ იქ სადაც რუსეთი წყვეტს ყველაფერს, ეს ბენზინი რუსეთის სამხედრო მანქანებში არ ჩაისხმება? ამ ბენზინის თითოეული წვეთი უდრის უკრაინელების დაღვრილი სისხლის თითოეულ წვეთს. ამ ბენზინის თითოეული წვეთი არის ლახვარი საქართველოს ეროვნული ინტერესების გულში. თუ ეს არის ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთისთვის, რატომ არ კეთდება იმის სანაცვლოდ, რომ გალში ქართული ენის სწავლა აღდგეს, სადაც ქართველებს ქართველობას სწორედ ამ გზით აკარგვინებენ? რატომ გადის საქართველოს ელექტროენერგიის 90% აფხაზეთში? ტყუილია, რომ ეს ჰუმანიტარული მისიაა, რადგან აფხაზეთში დენის დეფიციტია და ენგურჰესის 90%-იანი გამომუშავება სამჯერ მეტია აფხაზეთის მოთხოვნაზე. სინამდვილეში დენი გადის იმიტომ, რომ ივანიშვილი, რუსები და აფხაზი კრიმინალები ერთად აკეთებენ ფულს!

ყველამ ვიცით, სად არის სიმართლე! კითხვები რიტორიკულია, თუმცა მათზე პასუხებს მაინც მოვისმენთ. მთავარი კითხვები გვაქვს ერთმანეთთან – რატომ ითმენთ ეროვნული სუვერენიტეტის ნამდვილ დაკარგვას და არა ევროკავშირის მიერ მის წართმევას, რაც არის ტყუილი. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი, მშვიდობიანი გზა არის ევროკავშირის წევრობა და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაინტერესება, რომ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი და მდიდარი სახელმწიფოს ნაწილი გახდნენ.

სინამდვილეში ხელისუფლება არის მოღალატე. ის ხელისუფლებაც არ არის – არის ძალაუფლების მიმთვისებელი რეჟიმი. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ ისტორიის სანაგვეზე და რაც შეიძლება სწრაფად დავივიწყოთ კატასტროფები, რასაც აკეთებდნენ. ოღონდ ამ კატასტროფებისთვის ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ და რეჟიმი უნდა გასამართლდეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *