სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს, რომ დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, უცნობი მამაკაცი მისი საცხოვრებელი ბინის კარზე მივიდა და ბინაში შესვლას ცდილობდა.
პოსტის ავტორის ინფორმაციით, თავდაპირველად, მამაკაცი კარზე გასაღებით აკაკუნებდა, შემდეგ კი კარის ჭუჭრუტანაში იყურებოდა და რამდენჯერმე სახელურის ჩამოწევას ცდილობდა.
„ვიმყოფებოდი მარტო, არავის ველოდებოდი, აქედან გამომდინარე, სიხარულით არ გავქცეულვარ კარისკენ. ყოველთვის ვიცი წინასწარ, თუ ვინმე მოდის“, — წერს მოქალაქე.
მისივე მონათხრობით, სადარბაზოში სხვა ადამიანების გამოჩენის შემდეგ უცნობი მამაკაცი ზედა სართულზე ავიდა და გაჩუმდა. მოგვიანებით ის კვლავ დაბრუნდა, კარის სახელური რამდენიმეჯერ ჩამოსწია და, როგორც მოქალაქე წერს, გასაღების საკეტში მოთავსებასაც ცდილობდა.
მოქალაქე აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია პოლიციას უკვე მიაწოდა და უცნობი მამაკაცის ფოტოც სამართალდამცველებს გადასცა.
პოსტის თანახმად, შემთხვევა თბილისში, მე-4 მიკრორაიონში, 154-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა. მოქალაქე მეზობლებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და საცხოვრებელი სახლების კარები ჩაკეტონ.



