რუსეთის საწვავის ბაზარზე პრობლემები საქართველოში საწვავის ფასებსა და მიწოდებაზე შესაძლოა, პირდაპირ აისახოს – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ანგარიშშია საუბარი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული კრიზისი საქართველოს მაღალი დამოკიდებულების პირობებში განსაკუთრებულ რისკს ქმნის.
„2025 წელს საქართველომ დაახლოებით 1.8 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, საიდანაც დაახლოებით 698 ათასი ტონა, ანუ 39%, რუსეთიდან შემოვიდა.
ეს ტენდენცია გაგრძელდა 2026 წელსაც -წლის პირველ ნახევარში (იანვარი–ივნისი) საქართველომ 904.2 ათასი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, საიდანაც 365.8 ათასი ტონა, ანუ 40.5%, რუსეთიდან შემოვიდა“ – წერია კვლევაში.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საწვავი რუმინეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან და ბელარუსიდანაც შემოდის, რუსეთი კვლავ საქართველოს უმსხვილესი მომწოდებელია.
„რუსეთის საწვავის ბაზარზე წარმოქმნილი პრობლემები, იქნება ეს ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის დაზიანება, საწვავის დეფიციტი, ლოგისტიკური შეფერხებები თუ საერთაშორისო სანქციების გამკაცრება, საქართველოში საწვავის ფასებსა და მიწოდების სტაბილურობაზე პირდაპირ შეიძლება აისახოს“ – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ანგარიშში.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
