„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცი ენმ-ს დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა დაადასტურა.
ფავლენიშვილმა თქვა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ენმ აღარ იღებდა მონაწილეობას არც შეხვედრებში, არც რაიმე ტიპის აქტივობაში – “საერთოდ არანაირი კონტაქტი ამ ხალხთან არ გვქონია. მათ შორის, საჯაროდაც ნათქვამი მქონდა, რომ ალიანსში არ ვიყავით”.
ამასთან, ოპოზიციის ალიანსმა რამდენიმე საათის წინ Facebook გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.
ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ ამ ალიანსში თავს ვეღარ ვხედავდით და აღარ ვიყავით ამ ალიანსის წევრი. საჯაროდ არის ხელმისაწვდომი განცხადებებიც, ამიტომ შეგიძლიათ, ნახოთ. მარტო ჩემი განცხადების იმედად რომ არ იყოთ, ზოგადად ძალიან ბავშვურია იმაზე საუბარი, რომ მე გამოვრიცხე. ბოლო თვეების განმავლობაში აღარ ვიღებთ მონაწილეობას არც შეხვედრებში, არც რაიმე ტიპის აქტივობაში და საერთოდ არანაირი კონტაქტი ამ ხალხთან არ გვქონია. მათ შორის, საჯაროდაც ნათქვამი მქონდა, რომ ალიანსში არ ვიყავით.
ჩვენს გარიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ, ჯერ ბავშვურია ეს მსჯელობა, რომ ახლა თურმე პოლიტიკურად ვიღაცებმა უნდა თქვან, რომ ჩვენ გავირიცხეთ. მოცემულობა მარტივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში აღარ იყო. აღარ მონაწილეობდა არანაირ ფორმატში და, მათ შორის, საჯარო განცხადებებშიც ვამბობდით, რომ ალიანსის წევრები აღარ ვიყავით. ჰოდა, არ ვიცი, ახლა მეტი რა დემონსტრაცია უნდა მომხდარიყო იმისა, რომ ალიანსის წევრები ჩვენი ნებით აღარ ვიყავით. რა თქმა უნდა, ვისაც საღი აზრი აქვს, ვინც საღ აზრზე არის და არ არის უკიდურესად ტენდენციური, ის ამას დაინახავდა“, -აღნიშნა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ პარტია ბოლო პერიოდში ალიანსთან დაკავშირებით არცერთ აქტივობაში არ იღებს მონაწილეობს.



