ბულგარეთში, ტრიავნას ქალაქთან ახლოს, EMCO-ს საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებები მოხდა. აფეთქებებამდე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ტრიავნას მერმა დენჩო მინევმა ბულგარეთის სატელეგრაფო სააგენტოს განუცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.
კვამლის გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დახურონ ფანჯრები, ატარონ დამცავი ნიღბები და დარჩნენ სახლში. ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან დემერჯიევმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი გარე ფაქტორებს არ უკავშირდება.
EMCO ბულგარელი იარაღის დილერის, ემილიან გებრევის საკუთრებაა. ბიზნესმენის თქმით, მისი კომპანია უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით 2014 წლის შემდეგ ამარაგებდა. გაზეთის წყაროები მოქმედ და ყოფილ უკრაინელ ჩინოვნიკებს შორის აცხადებდნენ, რომ EMCO-მ კიევთან საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების ხელშეკრულება გააფორმა.
ბულგარეთი კვლავ რჩება უკრაინის არმიის მიერ გამოყენებული საბჭოთა სტილის საბრძოლო მასალის მსხვილ მწარმოებელად. ბულგარეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ტოდორ ტაგარიოვმა Financial Times-ს ადრე განუცხადა, რომ ბულგარეთში სამხედრო წარმოების იარაღის ნახევარზე მეტი პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით გაიგზავნა უკრაინაში.
EMCO-ს საწყობებში აფეთქებები ადრეც მომხდარა. 2022 წლის ივლისსა და 2023 წლის ივნისში მსგავსი ინციდენტები მოხდა კომპანიის ობიექტებში კარნობატთან ახლოს. ამ ინციდენტებს ბულგარეთის პროკურატურა იძიებდა.
ბულგარეთის ხელისუფლება ასევე იძიებდა რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების შესაძლო მონაწილეობას ქვეყანაში საბრძოლო მასალის საწყობებში მომხდარ აფეთქებების სერიაში. 2021 წელს პროკურატურამ გამოაცხადა ეჭვები რუსეთის ექვსი მოქალაქის წინააღმდეგ.
თავად გებრევმა განაცხადა, რომ 2015 წელს ორჯერ მოწამლეს ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნივთიერებით. ბიზნესმენმა მკვლელობის მცდელობები რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებს დაუკავშირა. მოსკოვმა უარყო დივერსიასა და მოწამვლაში მონაწილეობის ბრალდებები.
