„ამაზე ფიქრიც არ მინდა – არ უნდა დავუშვათ, თევზის ეს ნაკადი სომხეთიდან საქართველოსკენ წამოვიდეს“

დღის სიახლეები ეკონომიკა

„ასეთი პროდუქციის შემოდინება ცუდად აისახება აკვაკულტურის დარგზე“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯის” ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე, სომხეთიდან საქართველოში თევზის ექსპორტის შესაძლო დაწყების საკითხს.

როგორც სოფო დიასამიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, სომხეთიდან თევზის შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის ადგილობრივ აკვაკულტურას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ისედაც 97%-ით იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, იმ სახეობების წარმოება, რაც სომხეთშია განვითარებული, საქართველოშიც სრულადაა შესაძლებელი.

„მარტივი არ იქნება, რადგან თევზის (თანაც ცოცხალი თევზის) იმპორტისთვის მთელი რიგი პროცედურების გავლაა საჭირო. სამწუხაროა, მაგრამ 97%-ით იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ეს ძირითადად ნორვეგიული და თურქული პროდუქციაა. კალმახი, სიბასი და დორადო უმეტესად თურქეთიდან შემოდის.

ჩვენ ამის ჩანაცვლება გვინდა და არ მგონია, ჩვენმა ხელისუფლებამ პროცედურები ისე გაამარტივოს, რომ რომელიმე ქვეყანას სადმე პრობლემა თუ შეექმნება, მისი თევზ-პროდუქტები ჩვენთან შემოვიდეს.

ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ პროცედურები იმდენად რთული იქნება, მსგავსი შემთხვევა ვერ დაფიქსირდება.

როდესაც რუსეთმა სომხეთიდან თევზ-პროდუქტების შეტანა აკრძალა, პირველივე დღიდან გამიჩნდა შიში, აქცენტი საქართველოსკენ არ გადმოტანილიყო. შესაძლოა მცდელობა იყოს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგობას წააწყდებიან.

ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე ვფიქრობთ. სომხეთს არ აქვს ისეთი პროდუქტი, რომლის წარმოებაც ჩვენთან შეუძლებელია. შეიძლება დორადო და სიბასი ამ ეტაპზე ვერ ვაწარმოოთ, მაგრამ ორაგულისებრთა და ზუთხისებრთა ოჯახს რაც შეეხება, ამის რესურსი ჩვენ ნამდვილად გვაქვს.

საქართველოში უკვე მოქმედებს ორი ისეთი საწარმო, რომელმაც სომხეთიდან ზუთხის ლიფსიტის იმპორტი ჩაანაცვლა და ადგილობრივ ფერმერებს უკვე შიდა ბაზარზე გამოყვანილი პროდუქცია აქვთ. გარკვეული პერიოდი სრულად სომხეთზე ვიყავით დამოკიდებული, დღეს კი იმპორტი პრაქტიკულად ჩავანაცვლეთ, რაც ძალიან გვახარებს.

რასაც სომხეთი აწარმოებს, იმას ჩვენც ვაწარმოებთ. პირადად მე 16 წელია ვიბრძვი იმისთვის, რომ მეკალმახეობა, რაც სომხეთშია განვითარებული, ჩვენთან გაძლიერდეს. მსგავსი იმპორტი ძალიან ცუდად აისახება ადგილობრივი წარმოების პოლიტიკაზე.

ეს კონკურენციის საკითხია იმ ფონზე, როდესაც პირიქით იმპორტის შემცირებას ვცდილობთ. იმ თევზის იმპორტი კი არ უნდა დავუშვათ, რომლის წარმოებაც საქართველოში მეტ-ნაკლებად განვითარებულია, არამედ შიდა წარმოება უნდა გავზარდოთ და ამ მიმართულებით ვმობილიზდეთ.

როგორც უკვე გითხარით, ეს საშიშროება მაშინვე დავინახე, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთში სომხური თევზის აკრძალვის შესახებ. მაშინვე ვიფიქრე, რომ იქნება მცდელობა, ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდეს, რაც არ უნდა დავუშვათ.

სომხეთი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა (არც თურქეთია, თუმცა თურქეთში აკვაკულტურა ბევრად განვითარებულია და ბევრი საკითხი მოწესრიგებულია). სომხეთში წარმოების პროცესი არ არის იმ დონეზე, რომ იქიდან თევზის შემოტანა ასე მარტივი იყოს.

ეს მოითხოვს უამრავ დოკუმენტს, ხარისხის მაჩვენებლებსა და მთლიანი საწარმოო ჯაჭვის სტანდარტებთან შესაბამისობას. ყველა პროცედურა უნდა იყოს დაცული, რომ პროდუქტი ქვეყანაში შემოვიდეს და არ მგონია, ეს მათთან ასე მარტივი აღმოჩნდეს.

ამაზე ფიქრიც კი არ მინდა, რადგან ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ადგილობრივ თევზზე, რომელსაც ბაზარზე ვყიდით და ვცდილობთ განვავითაროთ. არც კი განვიხილავ იმას, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ამას დათანხმდნენ.

ასეთი პროდუქციის შემოდინება ცუდად აისახება აკვაკულტურის დარგზე, რომლის განვითარებაც სახელმწიფოსთვისაც პრიორიტეტულია და ეს არაერთხელ გაჟღერებულა კიდეც“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფო დიასამიძემ.

შეგახსენებთ, რომ Caspianpost.com-ის ინფორმაციით, სომხეთი საქართველოში თევზის ექსპორტის დაწყებას გეგმავს. მათივე ცნობებით, მოლაპარაკებები საქართველოსთან თევზის პროდუქტების მიწოდების დასაწყებად უკვე მზად არის. სომხეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება „როსელხოზნადზორის“ მიერ სომხური პროდუქციის, მათ შორის თევზის იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება.

bpn.ge

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *