“ვფიქრობ, პატრიოტიზმი მხოლოდ სამშობლოში ცხოვრება არ არის… იყო დღეები, როდესაც ჯიბეში მხოლოდ 10 დოლარი მედო და ვაშლით ვიკვებებოდი” – ნინი შერმადინის ექსკლუზიური ინტერვიუ “პრესექსპრესთან” აშშ-დან

დღის სიახლეები საზოგადოება

ჩვენი ვებ-გვერდი მკითხველს სთავაზობს რუბრიკას “წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ”, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ და მოღვაწე ჩვენს წარმატებულ თანამემამულეებთან ინტერვიუების მომზადებას.

დღევანდელ ჩვენს სტუმარს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. “pressexpress.ge”-ს ნინი შერმადინი ესაუბრება:

– თავდაპირველად, მოდით, ემიგრაციის შესახებ ვისაუბროთ. მშობლიურ ქვეყანას ადამიანი რამდენიმე მიზეზით ტოვებს. ამ მიზეზებს შორის არის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მოტივი, ასევე პირადი განვითარების უკეთესი შესაძლებლობა. გვითხარით, ნინი შერმადინის შემთხვევაში რა მიზეზმა გადაწონა ემიგრანტული ცხოვრების დაწყება და რატომ ამერიკა?

– ჩემ შემთხვევაში მთავარი მიზეზი პროფესიული განვითარება იყო. ბევრს ჰგონია, რომ ემიგრაციაში მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა საკუთარ ქვეყანაში არაფერი აქვთ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა.

საქართველოშიც და საბერძნეთშიც უკვე საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა. ვმღეროდი, ვმონაწილეობდი სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში, მქონდა სცენა, მაყურებელი და პროფესიული გამოცდილება. შემეძლო ყველაფერი ისე გამეგრძელებინა, როგორც იყო, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი შესაძლებლობების ზღვარი არ იყო. მინდოდა უფრო დიდი სცენა, უფრო დიდი გამოწვევები და ისეთი გარემო, სადაც ყოველდღიურად შევძლებდი ზრდას.

სწორედ ამიტომ, 14 წლის წინ ამერიკაში მხოლოდ ერთი ჩემოდნით და 300 დოლარით ჩამოვედი. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. უკან დავტოვე კარიერა, ოჯახი, მეგობრები და ყველაფერი ნაცნობი, მაგრამ წინ მქონდა ოცნება, რომლის გამოც ეს რისკი ღირდა.

პირველი წლები ძალიან რთული იყო. იყო დღეები, როდესაც ჯიბეში მხოლოდ 10 დოლარი მედო და ვაშლით ვიკვებებოდი, რადგან ამ ფულს მეტროს ბილეთისთვის ვინახავდი. ყოფილა დღეებიც, როცა საერთოდ არ მიჭამია. ბევრჯერ ფეხით მივლია მხოლოდ იმისთვის, რომ რამდენიმე დოლარი დამეზოგა.

ამ ყველაფერზე არასოდეს მიყვარდა საუბარი. არც მშობლებისთვის დამირეკავს წუწუნით, რადგან არ მინდოდა ენერვიულათ. საერთოდ არ მიყვარს, როცა ვინმეს ვეცოდები. მჯერა, რომ სირთულეები ღირსეულად უნდა გადაიტანო და პასუხი შედეგებით გასცე.

დღეს, როდესაც უკან ვიყურები, ვხვდები, რომ იმ რთულმა წლებმა ყველაზე მეტად გამაძლიერა. სწორედ მაშინ ვისწავლე, რომ თუ მიზანი საკმარისად დიდია, დროებითი სირთულეები მხოლოდ გზის ნაწილია და არა დასასრული.

– ასეთი გამოთქმა არსებობს: ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ. ამ გადმოსახედიდან, როდესაც წლებია ამერიკაში ცხოვრობთ, შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ „ამერიკული ოცნება“ თქვენც აგიხდათ, თუ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა?

– ვფიქრობ, ამერიკული ოცნება ერთჯერადი მოვლენა არ არის. ეს არის პროცესი, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება.

როდესაც აქ ჩამოვედი, ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია. ვმუშაობდი, პარალელურად ვსწავლობდი, დავდიოდი მასტერკლასებზე, ვწერდი სიმღერებს და ყოველ თავისუფალ დოლარს საკუთარ განვითარებაში ვდებდი. არასოდეს შემიწყვეტია სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა.

დღეს, როდესაც საკუთარი სტუდია მაქვს, ასობით მოსწავლეს ვზრდი, ჩემი აღზრდილი ბავშვები კარნეგი ჰოლის სცენაზე მღერიან, ხოლო მე საქართველოს საერთაშორისო დონეზე წარმოვადგენ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოცნების დიდი ნაწილი უკვე ავიხდინე.

მაგრამ მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც მიღწეულზე არასოდეს ჩერდება. ამიტომ ჩემი ამერიკული ოცნება ჯერ კიდევ გრძელდება.

– ზოგადად, რა ოცნებით ჩამოხვედით ამ უზარმაზარ ქვეყანაში და რას საქმიანობთ აქ?

– სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ყოველთვის “გრემის” ჯილდო იყო. არასოდეს ვიცოდი, რა გზით ან რა ფორმით მოვიდოდა ეს წარმატება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი — მჯერა, რომ ერთ დღეს ჩემი მუსიკა ჩემზე დიდი გახდება.

ამაზე უბრალოდ არ ვოცნებობ. ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობ, ვსწავლობ, ვვითარდები და საკუთარ თავზე ვმუშაობ. მჯერა, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, თუნდაც იმ დროს არ მოვიდეს, როცა ელოდები.

როდესაც ამერიკაში ჩამოვედი, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ჩემი პედაგოგიური გზა მხოლოდ ორი მოსწავლით დაიწყო. დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ ასობით მოსწავლე მყავს, რომლებიც წარმატებით გამოდიან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე, მათ შორის “კარნეგი ჰოლში”.

დღეს ვარ Art Hub Performing Arts Studio-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ჩვენ ვამზადებთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ვოკალში, ცეკვაში, მსახიობურ ოსტატობასა და სცენურ ხელოვნებაში, ვამზადებთ საერთაშორისო კონკურსებისთვის და ვეხმარებით, საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს გააცნონ.

პარალელურად ვაგრძელებ ჩემს მუსიკალურ გზას — ვწერ სიმღერებს, ვმუშაობ ახალ პროექტებზე და არასოდეს ვამბობ უარს ჩემს ყველაზე დიდ ოცნებაზე.

კიდევ ბევრი მიზანი მაქვს, რომლისკენაც მშვიდად, სწორად და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ. საბედნიეროდ, არც მოტივაცია მაკლია და არც ნებისყოფა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩემი ყველაზე საინტერესო თავები ჯერ კიდევ წინ არის.

– ერთ-ერთ ფეისბუქ-პოსტში წერდით, რომ მომღერლობით ბევრს ვერაფერს მიაღწიეთ. რა იყო ამის მიზეზი?

– სიმართლეს ყოველთვის პირდაპირ ვამბობ. საქართველოში ძალიან ბევრი ვიმუშავე, ვმღეროდი, ვწერდი სიმღერებს, მაგრამ იმ პერიოდში ხელოვანს საკუთარი შრომით სტაბილური კარიერის შექმნა ძალიან უჭირდა.

არ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ გარემოს ბრალი იყო. ალბათ მეც შეიძლებოდა რაღაცები სხვანაირად გამეკეთებინა, მაგრამ იმ გამოცდილებამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა.

დღეს უკვე სხვანაირად ვფიქრობ. მივხვდი, რომ წარმატება მხოლოდ საკუთარი პოპულარობით არ იზომება. წარმატებაა, როდესაც შენს გამოცდილებას სხვებს უზიარებ, ასობით ბავშვის ცხოვრებას ცვლი და შენი მოსწავლეები იმ სცენებზე დგანან, რომლებზეც ოდესღაც თავად ოცნებობდი.

– ცოტა ხნის წინ ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნული დირექტორი გახდით. მოგვიყევით ამ ორგანიზაციისა და თქვენი საქმიანობის შესახებ.

– ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.

ცოტა ხნის წინ გავხდი Crescendo International Music Competition-ის საქართველოს ეროვნული დირექტორი. ეს არის ამერიკაში დაფუძნებული საერთაშორისო, არაკომერციული საგანმანათლებლო მუსიკალური ორგანიზაცია, რომლის ფინალი ყოველწლიურად ნიუ-იორკის ლეგენდარულ კარნეგი ჰოლის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართება.

ჩემი მთავარი მისიაა, ქართველ ბავშვებსა და ახალგაზრდებს გავუხსნა კარი მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში.

განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში შევძელით კონკურსში ქართული ფოლკლორის, ქართული ტრადიციული საკრავების, ქართული ოპერისა და ეთნომუსიკის დამატება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო არა მხოლოდ ქართველ ტალანტებს, არამედ ქართულ კულტურასაც უფრო ახლოს გაიცნობს.

ამჟამად აქტიურად ვმუშაობ საქართველოში პირველი ოფიციალური ეროვნული შესარჩევი კონკურსის ორგანიზებაზე, რომლის გამარჯვებულებიც საქართველოს კარნეგი ჰოლში წარადგენენ.

– ცნობილია, რომ ამერიკაში ბევრი ქართველი წავიდა უკეთესი მომავლის საძიებლად. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და მსახიობები. გვაინტერესებს თქვენი მათთან საქმიანი ურთიერთობების შესახებ.

– დიახ, საკმაოდ აქტიური ურთიერთობა მაქვს. მიხარია, რომ უცხო ქვეყანაში ერთმანეთის მხარდაჭერის კულტურა სულ უფრო ძლიერდება.

ბევრ ქართველ მომღერალთან, მსახიობთან და ხელოვანთან მეგობრული და პროფესიული ურთიერთობა მაკავშირებს. ხშირად ვმონაწილეობთ ერთობლივ ღონისძიებებსა და კულტურულ პროექტებში.

ვფიქრობ, ემიგრაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის წარმატებით გახარება, რადგან საბოლოოდ, ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით — ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

– საქმიანობის გარდა, „პრესექსპრესის“ მკითხველს აინტერესებს თქვენი ოჯახის შესახებაც. ვინ გიმაგრებთ ზურგს ამ დიდ ქვეყანაში?

– ჩემთვის ოჯახი ყოველთვის ყველაზე დიდი საყრდენი და ძალის წყარო იყო.

ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემი შვილია. სწორედ ის მაძლევს ძალას, რომ ყოველდღე ვიბრძოლო, განვვითარდე და არასოდეს შევწყვიტო ოცნება. მინდა, ჩემი მაგალითით ვასწავლო, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, თუ საკუთარი თავის გჯერა და დაუღალავად შრომობ.

თუ იმ ადამიანებზე ვისაუბრებ, რომლებმაც ჩემი ცხოვრების გზა ყველაზე მეტად განსაზღვრეს, ეს ჩემი მშობლები არიან. ისინი ჩემი ყველაზე დიდი კედელი იყვნენ. მამაჩემს ყოველთვის უნდოდა, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. ძალიან ენატრებოდა ჩემი გვერდით ყოფნა და სულ მელოდა სახლში. დედა კი ყოველთვის მამხნევებდა და მეუბნებოდა: „არ დანებდე, ნინიკო, შენ ძალიან ბევრი შეგიძლია.“ ეს სიტყვები დღემდე ჩემთანაა და ყველაზე რთულ წუთებშიც ძალას მაძლევს.

სამწუხაროდ, დღეს ისინი ფიზიკურად აღარ არიან ჩემს გვერდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მფარველი ანგელოზები გახდნენ. მათ დავპირდი, რომ ყველა იმ ოცნებას ავიხდენდი, რომელზეც ერთად ვოცნებობდით, და ამ დაპირებას დღემდე ერთგულად მივყვები.

ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზია, არასოდეს შევარცხვინო ჩემი მშობლების სახელი და ხსოვნა. მინდა, ყოველი ნაბიჯი, ყოველი წარმატება და ყოველი მიღწევა მათ ეძღვნებოდეს. მჯერა, რომ ზემოდან მიყურებენ, ამაყობენ ჩემით და სწორედ ეს მაძლევს ძალას, არასოდეს გავჩერდე.

– შედის თუ არა თქვენს გეგმებში ემიგრაციის დასრულება და სამშობლოში დაბრუნება?

– საქართველო არასოდეს დამიტოვებია გულით. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქართველი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო.

დღეს ჩემი საქმიანობა ორ ქვეყანას შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქართველ ბავშვს გავუხსნა საერთაშორისო შესაძლებლობები, საქართველოს სახელი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე გავიტანო და ქართული კულტურა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნო.

რა თქმა უნდა, სამშობლოში დაბრუნებაზე ხშირად მიფიქრია. საქართველო ჩემი სახლია და ასე ყოველთვის იქნება. მაგრამ დღეს ვგრძნობ, რომ ჩემი მისია სწორედ აქედან, ამერიკიდან, უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას მაძლევს.

ვფიქრობ, პატრიოტიზმი მხოლოდ სამშობლოში ცხოვრება არ არის. ზოგჯერ ყველაზე დიდი სამსახური შენი ქვეყნისთვის ის არის, რომ მსოფლიოს აჩვენო, რამდენად ნიჭიერი, ძლიერი და განსაკუთრებული ხალხი ვართ ქართველები. თუ ამ საქმეს ღირსეულად შევასრულებ, ვიტყვი, რომ ჩემი ემიგრაციაც ამად ღირდა.

ექსკლუზიურად “პრესექსპრესისთვის” ამერიკიდან

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *