ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში საქართველოს უკანასკნელი მეფის ბეჭდის შესახებ ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცულ პუბლიკაციას აქვეყნებს:
“საოცარი დოკუმენტი ვიპოვე საქართველოს უკანასკნელი მეფის საბეჭდავის (ბეჭდის) შესახებ- აი რა წერია ბრიტანეთის ბიბლიოტეკაში დაცულ ამ პუბლიკაციაში- ” საქართველოს უკანასკნელმა მეფემ თავისი საბეჭდავი რუსეთში დიდხანს მცხოვრებ ერთ სასულიერო პირს გადასცა. მან უფლება მომცა, გადამეწერა ქვემოთ მოყვანილი ცნობა და აღწერილობა და, ამასთანავე, ბეჭდის ანაბეჭდიც გადმომცა:
„კონსტანტინე პორფიროგენეტი ნაშრომის — იმპერიის მართვის შესახებ (De Administrando Imperio) — 45-ე თავში აღნიშნავს, რომ საქართველოს მეფეები წინასწარმეტყველ დანიელის შთამომავლები იყვნენ და იერუსალიმი ქრისტეს შობიდან დაახლოებით 500 წელს დატოვეს. დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო გირამი, ანუ ჰირამ ბაგრატიონი. იგი სასანიანთა უკანასკნელმა მმართველმა სტეფანემ იშვილა, ხოლო იმპერატორმა იუსტინიანე II-მ კურაპალატის ტიტულით ტახტზე დაამტკიცა. იგი და მისი შთამომავლები იესეს, დავითისა და სოლომონის ძეთა ტიტულს ატარებდნენ. ბეჭედზე გამოსახულ გერბს საქართველოს გვირგვინი ადგას. ფარს სოლომონის ტახტის ლომები უმაგრებენ მხარს. მარჯვენა მხარეს გამოსახულია იესო ქრისტეს უკერველი კვართი, რომელიც ჯვარცმის დროს წილისყრით ქართველ მეომარ ელიოზს ერგო; მის ქვემოთ კი დავითის ქნარია გამოსახული. შუაში მოთავსებულია საქართველოს მახვილი, კვერთხი და სფერო; საქართველოს მფარველი წმინდა გიორგი, რომელიც გველეშაპს ებრძვის; სოლომონის მართლმსაჯულების სასწორი და სოლომონის ტახტი. მარცხენა მხარეს გამოსახულია მცხეთის საკათედრო ტაძრის — საქართველოს მთავარი საეკლესიო ცენტრის — კოშკი. ტაძარი აგებულია იმ ადგილას, სადაც ელიოზმა უკერველი კვართი დაკრძალა; მის ქვემოთ კი დავითის შურდულია გამოსახული“.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
