კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორან „ბალზი როსის“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.
„იზვესტია“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საავადმყოფოში ორი დაშავებული გარდაიცვალა. 112 იუწყება, რომ ექვსზე მეტი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია და ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
„იზვესტია“ იუწყება, რომ რესტორნის გარშემო კორდონი უკვე მოხსნილია და ადგილზე გამოძიება დასრულებულია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით:
🔸1 აგვისტოს საღამოს, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორან „ბალზი როსში“ აფეთქება მოხდა. ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა: ქალი, რომელმაც, ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ხელნაკეთი ბომბი მოიტანა, დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მისი შეჩერება სცადა და ერთ-ერთი კლიენტი. აფეთქების შედეგად კიდევ 21 ადამიანი დაშავდა.
🔸თავდაპირველად, აფეთქება გაზის გაჟონვას დაუკავშირეს. თუმცა, „კომერსანტის“ წყაროებმა მოგვიანებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტერორიზმის შესახებ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თავდასხმის სამიზნე კი რესტორან „ბალზი როსის“ ვერანდაზე გამართული კერძო ღონისძიების სტუმრები იყვნენ.
🔸გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ქალი სტუმრებისთვის ყუთის მისატანად მივიდა. მან დაცვის თანამშრომელს უთხრა, რომ მასში საჩუქარი იყო და როდესაც დაცვის თანამშრომელმა შიგთავსის დათვალიერება გადაწყვიტა, აფეთქება მოხდა. ქალს შიგთავსის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდა და ბომბი დისტანციურად აფეთქდა.
🔸VChK-OGPU არხი და ბლოგერი ანატოლი შარი ვარაუდობენ, რომ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი ალექსანდრე ჩაიკო, შესაძლოა, რესტორანში ღონისძიებას მართავდა. ამის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.
🔸რესტორანმა „ბალზი როსიმ“ თავდაპირველად სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ „ყველაფერი კარგადაა“, მაგრამ მოგვიანებით წაშალა პოსტი და ბოდიში მოიხადა. რესტორანმა პირობა დადო, რომ დაეხმარებოდა დაზარალებულთა ოჯახებს და მალე დაუკავშირდებოდა მათ „საჭირო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
