საქართველოდან 93 არალეგალი გააძევეს

დღის სიახლეები სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე გააძევა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, ქვეყნიდან გაძევებულია ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, კუბის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, თურქეთის, კამერუნის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბენინის, ეთიოპიის, ეგვიპტის, იამაიკის, სუდანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 93 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიმდინარე წლის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საქართველოდან უკვე გაძევებულია 3 ათასამდე უცხოელი არალეგალი, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო – დეპორტაცია შეეხება უცხოელებს, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყანაში ყოფნის პირობები, ასევე იმ პირებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი საქართველოში და ასევე მათ, ვინც ჩაიდინა არაერთი დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით – აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *