იმოქმედეთ მეგობრებო, რათა მეგობარი აქტი შემოდგომამდე იქნეს მიღებული – ლეიბორისტული პარტია სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერს მიმართავს

დღის სიახლეები პოლიტიკა

იმოქმედეთ მეგობრებო, რათა მეგობარი აქტი შემოდგომამდე იქნეს მიღებული. ამის შესახებ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მთავარი პოლიტიკური კომიტეტის ამერიკის შეერთებული შტატების სენატში უმრავლესობის ლიდერის ჯონ თუნისადმი წერილშია ნათქვამი, რომელსაც თავის ფეისბუქ გვერდზე პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აქვეყნებს.

“პრესექსპრესი” წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერს ბატონ Leader John Thune

ასლი ინფორმაციისათვის – ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრს

გიდასტურებთ პატივისცემას, ძვირფასო სენატორო ქართველი ხალხი რომელიც წლებია ბარიკადებზე დგას და ებრძვის პროპუტინისტურ, ოლიგარქიულ ივანიშვილის ტირანულ დიქტატურას ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ თქვენ, ასეთი ავტორიტეტული და სახელოვანი სენატორი დაბლოკავდით და დღის წესრიგიდან ამოაგდებდით ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულ მეგობარ აქტს, რაც უნდა გამხდარიყო ჩვენი ქვეყნის მოსკოვ-პეკინ-თეირანის სატელიტური სისტემისგან განთავისუფლების ქარტია.

მეგობარი აქტის სენატში დაბლოკვით წახალისებულმა და ამ კანონის შეჩერებით დაუსჯელობისაგან გათამამებულმა დიქტატორმა აღნიშნულ პერიოდში ფაქტობრივად დააგვირგვინა საკუთარი რუსული მოდელის ტირანული რეჟიმის ფორმირება დე-ფაქტო დე-იურე გაუქმდა პარტიები, სამოქალაქო სექტორი, დემოკრატიული არჩევნები, ერთი დიქტატორის ნებას სრულიად დაექვემდებარა სასამართლო, სამართალდამცავი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, განადგურდა თავისუფალი მასმედია, ციხეები აივსო ათასობით პოლიტპატიმრით ოპოზიციურ ლიდერთა ნაწილმა უცხოეთს შეაფარა თავი.

საქართველოს უზურპატორი რეჟიმი საბოლოოდ გადაიქცა რუსეთ-ჩინეთ-ირანის სტრატეგიულ პარტნიორად, ანტიამერიკანიზმის პლატფორმად, დასახელებული ტოტალიტარული სახელმწიფოების შავი ფული გამთეთრებელ, ნარკოტრაფიკისა და იარაღის კონტრაბანდის ბუდედ. ესაც არ იკმარეს და სწორედ ამ დღებში იქმნება ირანული The Basij Militia. მსგავსი ძალადობრივი ჯგუფები სპორტსმენებისგან რუსი მოძალადე კრიმინალების მონაწილეობით ხალხის წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიების ახალი ტალღის განსახორციელებლად.

მეგობარ აქტზე კენჭისყრის გადატანა თუნდაც შემოდგომამდე შეიძლება აქ გახდეს პუტინის შეიარაღებული პროვოკაციებისა და საქართველოს ოფიციალური დაპყრობის საფუძველი. მოგეხსენებათ ამ კანონში არც სანქციებია გათვალისწინებული, არც იარაღის მოწოდება არც მრავალმილიარდიანი ასიგნებები. ესაა ადმინისტრაციაზე უფლების მიცემა იმოქმედოს უფრო ეფექტურად რათა დიქტატორი ივანიშვილი თავისი მილიარდების დაკარგვის შიშით, რაც მას ყველას და ყველაფერს ურჩევნია წავიდეს ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე.

მივმართავთ ამერიკის კონგრესის წევრებს ორივე პარტიიდან რომლებიც ასე საოცარი ერთგულებით წლებია დგანან ქართველი ხალხის გვერდით, იმოქმედეთ მეგობრებო რათა მეგობარი აქტი შემოდგომამდე იქნეს მიღებული.

მივმართავთ ბატონო John Thune, თქვენი სახელოვანი სამხრეთ დაკოტას შტატის წარმომადგენელთა პალატას, სენატს და შტატის გუბერნატორს, რათა დაგარწმუნონ თქვენ ამ კანონის სასწრაფოდ მიღების აუცილებლობაში, რაც ასევე ამერიკელი ხალხის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, რადგან საქართველო ევრაზიის ცენტრში აბრეშუმის გზის გასაღებია. ვისაც აქვს ეს გასაღები ის აკონტროლებს კონტინენტს. აღარაფერს ვამბობთ ამერიკული ბიზნესისთვის უდიდეს დივიდენდებზე. ველოდებით მოუთმენლად სენატის სხდომებზე აგვისტომდე ისტორიული მეგობარი აქტის მიღებას. მიუღებლობის შემთხვევაში ისტორია ძვირფასი სენატორო თქვენც დაგაკისრებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

პატივისცემით საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მთავარი პოლიტიკური კომიტეტი” – ნათქვამია წერილში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *