„ძალიან ბევრი ადგილია, სადაც საფრთხეებია. კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს“,- ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, არანაკლები მეწყრული პროცესებია მთაწმინდასა და ვაშლიჯვარში.
როგორც ნინო ჩხობაძემ აღნიშნა აუცილებელია სასიგნალო მოწყობილობების დაყენება, ხოლო სადაც დამცავი სისტემებია გაკეთებული, იმის გაწმენდა.
„ძალიან ბევრი ადგილია, სადაც საფრთხეებია. კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს.
ფერდზე არის დაფიქსირებული, იქაც შეიძლება დაიწყოს. აგრეთვე დაფიქსირებულია ვაშლიჯვარში, სერიოზული მეწყერი გვაქვს იქაც.
მეწყრული ზონები ძველი და ახალია. მთაწმინდაზე, არანაკლები მეწყრული პროცესებია. გამაგრებაც არის გაკეთებული და მართლა სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქნას.
კონიაკის დასახლებაზე აღარ ვსაუბრობ, იქ მეწყერი ძალიან ბევრ ადგილას არის ჩამოსული და სერიოზული პრობლემები გვაქვს.
ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იყოს აღრიცხული და შესწავლილი, სადაც მსგავსი საფრთხეები არსებობს. ჩვენ გვჭირდება სასიგნალო მოწყობილობები.
უკაცრავად და, წყნეთის მეწყერი, რომელზეც გაფრთხილების სისტემა გვაქვს გაკეთებული, ვინმემ გაწმინდა?! რას ვუკეთებთ იმ მეწყერს?! დამცავი სისტემებია გაკეთებული იმას გაწმენდა სჭირდება. ახალ გზაზე რამდენი ქვა/ღორღი ჩამოდის, იმას ხომ მუდმივად გაწმენდა სჭირდება, იმდენად სერიოზული პრობლემები შეიძლება შექმნას.
თბილისის შემოსასვლელში რომ ჩამოინგრა ფერდი, ამის პრევენციის ღონისძიებებია, რომ დამცავი კედელი ააშენო ან სპეციალურად ჩამოყარო სპეციალისტების მეშვეობით. ანუ პრევენცია გააკეთო, რადგან ეს მოსალოდნელია.
რატომ არის მოსალოდნელი და იმიტომ, რომ მაღალი სიცხის დროს ხდება გამოფიტვა და მერე წვიმის დროს შეიძლება მთლიანად ჩამოვიდეს“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
