შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რათა გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის, ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, გვარამია ამბობს: „ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა“.
კობახიძის თქმით, 2024-2025 წლებში ამ მოღალატეობრივ მიდგომას სათანადო პასუხი გასცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ესე არ არის საკმარისი.
„იცით, რომ საქმე აღძრულია ზუსტად ამ მიდგომასთან, მოღალატეობრივ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის ფართო გაგებით დანაშაულებრივი მიდგომა. ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელსაც ეფუძნება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.
იცით, რომ ჩვენ მომზადებული გვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ზუსტად ეს მიდგომა – ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია, ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საზოგადოებამ სათანადო პასუხს სცემს ყოველ ჯერზე ამ მიდგომას, თუმცა ამას სჭირდება სათანადო, სამართლებრივი პასუხიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
***
ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია; ალტერნატივა – ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას აკეთებს, რა უნდა და რას აპირებს. ყველა უნდა დაფიქრდეს, რისთვის იბრძვის – პოლიტიკური თვითდამკვიდრებისთვის, ოპონენტების დასუსტებისთვის 2028 წლის არჩევნების წინ, ციხიდან გამოსასვლელად (ან იქ არ შესასვლელად), თუ იბრძვის ქვეყნისთვის და იბრძვის ბიძინას წინააღმდეგ. სიტყვების რახარუხი არაფერს არ ცვლის, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს.
როგორც გვარამია აღნიშნავს, ერთიანობა და ალტერნატივა არის მთავარი მოთხოვნა საზოგადოების და პროტესტის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რაც „26 მაისის აქციამაც აჩვენა“.
„ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია; გარეთ სანქცია; ალტერნატივა.
ის, ვინც ერთიანობაზე უარს ამბობს, და კიდევ უფრო მეტად ის, ვინც პირდაპირ ღიად, თუ ფარულად ებრძვის ნებისმიერ ერთიანობას და პირდაპირ, თუ ირიბად ცდილობს დაანგრიოს ნებისმიერი გაერთიანება, საბოტაჟს უწყობს სამივე მიმართულებას.
ერთიანობა და ალტერნატივა არის მთავარი მოთხოვნა საზოგადოების და პროტესტის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა – ეს 26 მაისის აქციამაც აჩვენა. ხალხს სჭირდება იმის დანახვა, რომ პროტესტი პოლიტიკურად შეიძლება გადაითარგმნოს და პოლიტიკურმა სპექტრმა რეალურად შეცვალოს. ამ რწმენის გარეშე, პროტესტიც სუსტდება – იმედგაცრუება აპასიურებს.
ერთიანობა და ალტერნატივა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოებისთვის რწმენის განმტკიცებისთვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია და სანქციებით უბრალოდ ვინმეს კი არ სჯიან, არამედ ქართველ ხალხს და დემოკრატიულ პოლიტიკურ სპექტრს უმარტივებენ ქვეყნის დასავლეთის გზაზე დაბრუნებას და დემოკრატიის აღდგენას.
ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას აკეთებს, რა უნდა და რას აპირებს. ყველა უნდა დაფიქრდეს, რისთვის იბრძვის – პოლიტიკური თვითდამკვიდრებისთვის, ოპონენტების დასუსტებისთვის 2028 წლის არჩევნების წინ, ციხიდან გამოსასვლელად (ან იქ არ შესასვლელად), თუ იბრძვის ქვეყნისთვის და იბრძვის ბიძინას წინააღმდეგ. სიტყვების რახარუხი არაფერს არ ცვლის და ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან ძალიან ბევრ შემთხვევაში “ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს”.წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
