„ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში“ – ასე ეხმაურება ფონდი “ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებზე მოქალაქეების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს.
„ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადებები, რაზედაც საჭიროდ ვთვლით პასუხის გაცემას.
მოგახსენებთ, რომ 2018 წელს „ფონდმა ქართუმ“ „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში გამოისყიდა ფიზიკური პირების 4 104 429 484 ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები.
ამ უპრეცედენტო ქველმოქმედების აქტით განხორციელდა 615 164 პირის 1 387 296 ერთეული სესხის პატიება.
პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუციას. ესოდენ დიდი მოცულობის პრობლემური სესხის ჩამოწერამ უდავოდ შეამსუბუქა მათი მდგომარეობა და გააჯანსაღა ქვეყნის ფინანსური გარემო.
ფონდმა შეიძინა ყველა ის სესხი, რომლებიც აკმაყოფილებდა წინასწარ გაცხადებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, სესხები, რომელთა ძირი არ აღემატებოდა ორი ათას (2000) ლარს და რომელთა მიმართებაშიც მოვალეებს (ფიზიკურ პირებს) ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ გადახდილი სესხის პროცენტი.
აქვე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ სესხები გამოსყიდულია მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.
მოქალაქეებს, ვისაც ეს პროგრამა შეეხო, მათი სტატუსის გადამოწმება და შესაბამისი ცნობების აღება შეუძლიათ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოდან.ასევე, მოქალაქის წერილობითი მომართვის შემთხვევაში, „ფონდი ქართუ“ გასცემს შესაბამის ინფორმაციას (ცნობას) კონკრეტული სესხის თაობაზე.
„ფონდი ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს ვალდებულებები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია ფონდის მიერ სესხებზე რაიმე სახის მოთხოვნა.
ამრიგად, თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში.
ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ, არ აყვეს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ ატეხილ აჟიოტაჟს და გადაამოწმოს თავისი ვალდებულებების სტატუსი შესაბამის სტრუქტურებში“, – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
