ანაკლია უნდა აშენდეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის თანამონაწილეობით, ის უნდა გახდეს კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოსთვის – “ლელო”

დღის სიახლეები პოლიტიკა

ანაკლია არის ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთმა ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიული შანსი ათწლიანი ტყუილების ქრონიკად აქციოს. „ქართულ ოცნებას“ ანაკლიაზე საუბრის მორალური უფლება აღარ აქვს. ათ წელზე მეტია, ერთი და იმავე სპექტაკლს ვუყურებთ – იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, იცვლებიან ეკონომიკის მინისტრები, იცვლება პროექტის სახელები, მოდელები, დაპირებები. ერთადერთი, რაც არ იცვლება, არის შედეგი – ანაკლიის პორტი ისევ არ არსებობს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს სტრატეგიული ხედვა, საერთაშორისო ნდობა და არ შეუძლია ეროვნული მნიშვნელობის პროექტების ბოლომდე მიყვანა.

ირაკლი კუპრაძის განმარტებით, ანაკლია არის არა მხოლოდ პორტი, არამედ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავლის პროექტი. მისივე თქმით, ანაკლია უნდა აშენდეს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის თანამონაწილეობით და ის უნდა გახდეს კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოსთვის.

„ჩვენთვის ანაკლია არასოდეს ყოფილა მხოლოდ პორტი. ანაკლია არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, ანაკლია არის საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ანაკლია არის საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავლის პროექტი. სწორედ ამიტომ, „ძლიერი საქართველო – ლელო“ თავიდანვე ვამბობდით, რომ ანაკლია უნდა აშენდეს სრული გამჭვირვალობით, დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ძლიერი კერძო ინვესტორების მონაწილეობით. ანაკლია უნდა გახდეს შავი ზღვის მთავარი ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროპასთან, გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის ათი ათასობით სამუშაო ადგილს. ანაკლია უნდა აშენდეს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის თანამონაწილეობით და ის უნდა გახდეს კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის გზა ძლიერი საქართველოსკენ, მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების რეალური ხედვა. ანაკლია უნდა გახდეს სამი ქვეყნის პარტნიორობის, საერთო კავკასიური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ადგილი. ისტორია არაერთხელ ადასტურებს, რომ მდგრადი მშვიდობა ყველაზე მყარად იქ ყალიბდება, სადაც ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, ინვესტიციები და საერთო ეკონომიკური წარმატება. მეზობლები როდესაც ერთად ქმნიან სიმდიდრეს, მათ შორის მშვიდობის ფასი იზრდება, ხოლო დაპირისპირების ფასი – მნიშვნელოვნად მძიმდება. დადგა დრო, შეიცვალოს ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტი დაუსრულებელი დაპირებების, დაკარგული დროისა და გაცდენილი შესაძლებლობების სიმბოლოდ აქცია“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ. მისივე თქმით, ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან. მინისტრის განმარტებით, „ლენდლორდის“ მოდელი არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *