ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპაში უპრეცედენტო სიცხემ უკვე 1,300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. როგორც ირკვევა, მხოლოდ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათის შემდეგ ქვეყანაში სიკვდილიანობის 1,000-მდე შემთხვევა აღრიცხა. არსებული ინფორმაციით, ფატალური შემთხვევების უმეტესობა 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში დაფიქსირდა. თუმცა დაფიქსირდა 74 ისეთი ფაქტიც, როცა მოქალაქეები მაღალი ტემპერატურის ფონზე ტბებსა თუ მდინარეებში დაიხრჩვნენ.
კონტინენტის მასშტაბით ტემპერატურის ისტორიული მაქსიმუმი რამდენიმე სახელმწიფოში უკვე დაფიქსირდა. გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში ჰაერი პიკურ მონაკვეთში 41.7 გრადუსამდე გათბა. ჩეხეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მონაცემებით კი პრაღის ჩრდილოეთით ტემპერატურამ 41.1 გრადუსს მიაღწია. პარალელურად, პოლონეთში სინოპტიკოსებმა 40.5 გრადუსი დააფიქსირეს.
რაც შეეხება ექსტრემალურ კლიმატურ პირობებზე რეაგირებას, ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებმა მკაცრი ზომების მიღება უკვე დაიწყეს. საფრანგეთის დედაქალაქში ღია სივრცეში ალკოჰოლის მიღება აიკრძალა და არაერთი დაგეგმილი მსვლელობა გაუქმდა. ნიდერლანდებში, საფრთხის წითელი დონის გამოცხადების შემდეგ, მუსიკალური ფესტივალი გააუქმეს.
ცნობისთვის, გლობალური დათბობის ფონზე, ევროპა მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად თბება. როგორც ჯანმოში განმარტავენ, ივნისის რეკორდული ტემპერატურა ე.წ. “სათბურის” ეფექტის ბრალია. განმარტებისთვის, ეს არის პროცესი, როცა ატმოსფეროში ჩამომავალი ჰაერი იკუმშება და დედამიწის ზედაპირთანვე თბება.
