აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „როიტერს“ განუცხადა.
ორივე გემზე სულ აზერბაიჯანის 25 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა სამინისტროს ცნობით, გემები აზერბაიჯანს არ ეკუთვნის.
მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ მისმა დრონებმა ხუთი გემი მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებში, ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სანაპირო წყლებში დაბომბეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონებმა ტვირთმზიდები და ტანკერი დაბომბეს, რომლებიც უკრაინული მარცვლეულის ქურდობაში, ასევე სამხედრო ტვირთისა და საწვავის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ. გემების სახელები გადაღებული იყო და მათი რადარები გამორთული იყო.
