რა თანხა გამოიმუშავა “პარი სენ-ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის და რამდენს მიიღებს თითოეული ფეხბურთელი

დღის სიახლეები საზოგადოება

ავტორიტეტული გამოცემების გათვლებით, მხოლოდ ფინალურ მატჩში გამარჯვებისთვის პსჟ-მ უეფასგან პირდაპირი საპრიზო თანხის სახით 25 მლნ ევრო (დაახლოებით 26.8 მლნ დოლარი) მიიღო, ხოლო ვიცე-ჩემპიონმა „არსენალმა“ – 18.5 მილიონი ევრო.

წესების თანახმად, 18.5 მლნ ევრო სწორედ ფინალში მოხვედრისთვის დაწესებული ჯილდოა, გამარჯვებულს (პსჟ) კი ბონუსის სახით უეფა-სგან 6.5 მლნ ევროს ბონუსი დაემატა. თუმცა, როგორც სპორტული ფინანსების ექსპერტები Financial Times-თან საუბრისას აღნიშნავენ, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.

ოფიციალურად, წესების თანახმად, უეფა ფეხბურთელებს ინდივიდუალურად არ აჯილდოებს და მთელი თანხა კლუბის ანგარიშზე შედის. მოთამაშეების ანაზღაურება კი, სრულად შიდა საკლუბო კონტრაქტების პირობებსა და პრემიებზეა დამოკიდებული.

წამყვანი ფრანგული გამოცემის, L’Équipe-ის ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით (რომელიც წამყვანმა სპორტულმა პლატფორმებმა, მათ შორის Goal.com-მაც გაავრცელეს), პსჟ-ს თითოეული ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბონუსის სახით 1 მილიონ ევროს მიიღებს.

ევროპული პრესა ხაზს უსვამს, რომ ეს პუნქტი სეზონის დაწყებამდე კლუბის მენეჯმენტსა და გუნდის „ლიდერთა საბჭოს“ (მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, უსმან დემბელე და ვიტინია) შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდა.

პუბლიკაციაში საუბარია იმაზეც, რომ კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ლუის კამპოსმა, ძველი მიდგომები შეცვალა, რომელიც ადრე ისეთ სუპერვარსკვლავებზე იყო მორგებული, როგორიცაა მაგალითად, კილიან მბაპე. ახალი სისტემით, კლუბმა პრიორიტეტი კოლექტიურ ბონუსს მიანიჭა, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდურობის წასახალისებლად, ფიქსირებულ 1 მილიონ ევროს მიიღებს აბსოლუტურად ყველა ძირითადი მოთამაშე, განურჩევლად მათი ვარსკვლავური სტატუსისა და იმ სათამაშო დროისა, რაც მოედანზე გაატარეს.

უცხოური გამოცემები ასევე წერენ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მედიასთან ფინანსური სტიმულირება მეორეხარისხოვნ საკითხად წარმოაჩინა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე დიდი მოტივაცია და ჯილდო არაფერია.

bpn.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *