საქართველოში ავტოგასამართ სადგურებზე აღებული საავტომობილო საწვავის 111 ნიმუშიდან 14 კანონმდებლობით დადგენილ ხარისხობრივ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოვლენილი დარღვევების გამო შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით გათვალისწინებული ჯარიმების საერთო ოდენობა დაახლოებით, 1.4 მილიონ ლარს შეადგენს.
უწყების ცნობით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართ სადგურებზე საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.
როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შემოწმების ფარგლებში 111 ავტოგასამართი სადგურიდან ბენზინის 34 და დიზელის საწვავის 77 სინჯი აიღეს, რომლებიც შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დადგენილ ნორმებს 14 ნიმუში არ შეესაბამება. მათ შორის, ბენზინის ორ ნიმუშში ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და ეთერების მოცულობითი წილის დასაშვებ ზღვარზე გადაჭარბება გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ოქმები შეადგინეს. ჯარიმების საერთო ოდენობა დაახლოებით 1.4 მლნ ლარია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც უწყება განმარტავს, საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლი რეგულარულად ხორციელდება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს უხარისხო საწვავის მოხმარება და, შესაბამისად, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა.
უწყებაში აცხადებენ, რომ საწვავის ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება. ამასთან, ბოლო წლებში საწვავში აღარ ფიქსირდება ისეთი ტოქსიკური მძიმე ლითონის შემცველობა, როგორიცაა ტყვია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება მომდევნო წელსაც გაგრძელდება. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კი შესაბამისი რეაგირება განხორციელდება.
bpn.ge



