საჭიროა მასშტაბური გადატვირთვა და მოვუწოდებ კობახიძეს – საკუთარი თავის გადატვირთვით დაიწყოს – ირმა ინაშვილი

დღის სიახლეები პოლიტიკა
პრემიერ კობახიძეს საკუთარი თავი სახელმწიფო ჰგონია და ნებისმიერი კრიტიკას, ამ შემთხვევაში კი, სრულიად სამართლიანი და გადაუჭარებელ კრიტიკას, იგი მტრულად აღიქვამს და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები ერთი და იგივე ბრალდებას აცხობენ. ამის შესახებ სოცლიალურ ქსელში, თავის ვრცელ წერილში, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი წერს.
მისივე თქმით, ეს ხელისუფლება ყოველგვარი უზნეობის მკადრებელია და ყოველგვარ ბოროტებაზე ხელისმომწერია.
“ჯერ კიდევ 25 წლის წინ, საქართველოში, ყოველწლიურად, 63 000 – 65 000 ბავშვი იბადებოდა. დღეს კი, 37 000- 39 000 ბავშვი იბადება. ხელისუფლება გვეუბნება, რომ მოსახლეობა 4 მილიონს უახლოვდებაო და ახალშობილთა რაოდენობა, რატომღაც, კი არ იზრდება, არამედ მცირდება. მოკლედ, ტყუილ- მართალი ერთმანეთშია არეული, ფაქტი კი ერთია: სიკვდილიანობამ კარგახანია გადააჭარბა შობადობას. ეს ჩვენი ერის ტრაგედიაა. ამაზე კარგახანია ვლაპარაკობთ, ხელისუფლება კი, ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. ცხადია, ეკლესია წლების მანძილზე ამახვილებს ამ თემაზე ყურადღებას და მეუფე იობმაც გაამახვილა. ვერ ვხვდები, სად იკვეთება აქ კამპანია, შეთქმულება და რევოლუცია?!
კობახიძის მთავრობის ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ ქართველები ქვეყნიდან გადიან. ოჯახის შესანახად საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა უწევთ. თავად კობახიძის განცხადებიდან ვიგებთ, რომ 250 000-ზე მეტი უცხოელი ოფიციალურადაა რეგისტრიტებული საქართველოში და რამდენი არაა დარეგისტრირებული? ის, რომ ქართველები ტოვებენ სამშობლოს და უცხოელები შემოდიან, ახალი არ არის. ის, რომ უცხოელების ოდენობამ ზღვარს გადააჭარბა, ამაზეც ბევრი საუბრობს და მეუფე იობმაც ისაუბრა. ტყუილი თქვა რაიმე? კვლავ ვერ ვხვდები, სადაა აქ შეთქმულება, კამპანია და რევოლუცია?!
ნარკოტიკმა რომ წალეკა ქვეყანა, ახალია ვინმესთვის? სინთეტიკური ნარკოტიკი რომ შემოვიდა და ათასობით ჯანმრთელი ახალგაზრდა შიზოფრენიით დაავადდა, ამას თავად ექიმები ადასტურებენ, ამ მოვლენას შეძენილი შიზოფრენია ჰქვია და არავინ იცის, როგორ განკურნოს. ეს თაობებს ღუპავს და ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, გვიყვირია, გვიჩხუბია, განგაშის ზარიც ჩამოგვიკრავს, მაგრამ ხელისუფლება ყურსაც არ იბერტყავს. ეკლესია რომ ამაზე ხმას აღიმაღლებს და მეუფე რომ ნარკომანიის საშიშროებას ხაზს გაუსვამს, ეს განა შეთქმულება, კამპანია და რევოლუციაა?!
ის, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე პატრიარქის ქადაგების შემდეგ, მიტროპოლიტები კი არ წარმოთქვამენ სიტყვას, არამედ ზედიზედ: პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე გვმოძღვრავენ ამბიონიდან, განა მისაღებია?! პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მერე პატრიარქი, შემდეგ ორი მიტროპოლიტი რომ გამოვიდეს და სხდომა რომ დაიხუროს, არ გაგვიკვირდება?! პატრიარქი რომ აჭარაში ათასზე მეტ ადამიანს მონათლავს, ძალზედ სასიხარულოა, მაგრამ ამ სასიხარულო ამბავს რატომ ეტმასნებიან “ქართული ოცნების” ლიდერები, სრულიად გაუგებარია. მითუმეტეს, რომ სახეზეა ეგრეთწოდებული კრებსები , რომლებიც ცხადყოფს, რომ სასულიერო პირებს მასობრივად უსმენენ და იწერენ. ამ უზნეობამ ხალხში ანეგდოტიც კი დაბადა: “სერვისის გაუმჯობების მიზნით, თქვენი აღსარება იწერებაო”. მეუფეები ამ სიმახინჯეს რომ ამხელენ, ეს ბუნებრივიცაა და ნორმალურიც. აქ არც შეთქმულებაა, არც კამპანიაა და არც რევოლუცია.
ამ მთავრობამ რომ ყველანაირი რესურსი ამოწურა, ამაზე ერიც გრძნობს და ბერიც. ამაზე სრულიად საქართველოც ლაპარაკობს და უცხოეთიც და ამაზე ლაპარაკის უფლებას გვაძლევს კონსტიტუციის მე-17, 21-ე, 22- და 23- ე მუხლები. აქ არც შეთქმულებას აქვს ადგილი, არც კამპანიას და არც რევოლუციას. ბევრჯერ მითქვამს და კვლავ ვიტყვი: პრემიერ კობახიძეს საკუთარი თავი სახელმწიფო ჰგონია და ნებისმიერი კრიტიკას, ამ შემთხვევაში კი, სრულიად სამართლიანი და გადაუჭარებელ კრიტიკას, იგი მტრულად აღიქვამს და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები ერთი და იგივე ბრალდებას აცხობენ. მყისიერად გვაბრალებენ შეთქმულებას, სააკაშვილთან გარიგებას, კამპანიის ორგანიზებას და სახელმწიფო გადატრიალებისა და რევოლუციის მცდელობას. მეუფე იობის შემთხვევაში, ეს სრულიად სასაცილოდ ჟღერს: რევოლუციას ხელისუფლების დასაუფლებლად აწყობენ, მეუფე იობს, თქვენი აზრით, ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურს? საკუთარი იდიოტიზმის მასშტაბს თუ აცნობიერებთ?
როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, მეუფე იობს ხშირად ვხვდებოდით მეც და დავით თარხან- მოურავიც და მეუფე ჩვენი თანამოაზრე იყო. თქვენ კი, სააკაშვილთან გარიგებულად გამოაცხადეთ. თუმცა, თქვენ არაფრის არ გრცხვენიათ. თქვენს დეპუტატს თავი პატრიარქი ჰგონია და პარლამენტიდან გვიცხადებს: მეუფეს ღმერთმა შეუნდოსო. ერთი ვერ გავიგე, რა უნდა შეუნდოს? სიმართლის თქმა, თუ თქვენს მიერ დაბრალებული შეთქმულება და რევოლუციის მოწყობის მცდელობა?!
მეუფე იობი ღვაწლმოსილი სა დამსახურებული მეუფეა, ხანგრძლივი ისტორიის მქონე კაცია, მრევლისა და ფართო საზოგადოების პატივისცემით სარგებლობს და ის ფაქტი, რომ მთავრობის პროპაგანდისტებმა უშვერი სიტყვებით ლანძღეს და უამრავი შეურაცხყოფა მიაყენეს, მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: ეს ხელისუფლება ყოველგვარი უზნეობის მკადრებელია და ყოველგვარ ბოროტებაზე ხელისმომწერია.
თავისი პრემიერობის პერიოდში კობახიძემ რამდენჯერმა გვითხრა, რომ გადატვირთვაა საჭირო. ვეთანხმები. საჭიროა მასშტაბური გადატვირთვა და მოვუწოდებ კობახიძეს,- საკუთარი თავის გადატვირთვით დაიწყოს” – წერს ირმა ინაშვილი.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *