რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება.
“საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსის გატარება დაიწყო”, – განაცხადა შოიგუმ დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოს მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე.
მისი თქმით, რუსეთი მიესალმება საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ხაზს უსვამს 3+3 რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლების მნიშვნელობას.
“მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეგიონული პრობლემები უნდა მოგვარდეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია 3+3 რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლება“, – განაცხადა შოიგუმ.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უმჯობესდება.
“სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უმჯობესდება. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება და რეგიონში მშვიდობის ფაქტობრივი დამყარება შედეგებს იძლევა“, – განაცხადა შოიგუმ.



