„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საექთნო საქმიანობას 21 262 ექთანი და მეანი ექთანი ახორციელებდა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში ამ ეტაპზე 14 300 ექთანია ავტორიზებული.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული ექთნების საშუალო ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება სტაციონარულ დაწესებულებებში 5.78 ლარს, ამბულატორიულ დაწესებულებებში კი 4.72 ლარს შეადგენს.
უწყების განმარტებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის ექთნის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 4.4 ლარით არის განსაზღვრული.
„თუ ზეგანაკვეთურ შრომას არ გავითვალისწინებთ, ექთნის ხელფასი 792 ლარი გამოდის – ღამენათევი მეორე ან მესამე სამსახურში რომ წავა, იქ უკვე მომსახურების ხარისხი, რა თქმა უნდა, იკარგება,” – ამის შესახებ მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარემ ირაკლი ამირანაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ექთნების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, დაბალი ანაზღაურების გამო კი სამედიცინო პერსონალის ნაწილს ერთდროულად ორ-სამ ადგილას უწევს მუშაობა.
ამასთან, როგორც ამირანაშვილი აღნიშნავს, ზოგიერთი ექთანი პროფესიას ტოვებს და სხვა სექტორში საქმდება, ნაწილი კი ემიგრაციაში მიდის, სადაც ანაზღაურება გაცილებით მაღალია.
ირაკლი ამირანაშვილის განმარტებით, სამედიცინო სექტორში მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თუმცა არსებული თანხა ინფლაციის გათვალისწინებით საკმარისი არ არის.
მისივე თქმით, დაბალი ანაზღაურება არა მხოლოდ ექთნების პროფესიულ საქმიანობაზე, არამედ პაციენტების მომსახურების ხარისხზეც აისახება.
მისივე შეფასებით, მინიმალური ანაზღაურების გადახედვა აუცილებელია, თუმცა კერძო სექტორში დამსაქმებლების ვალდებულებების განსაზღვრა დამატებით გამოწვევად რჩება.
მისი თქმით, ექთნების რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი პროფესიის დატოვებაა. როგორც მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე ამბობს, სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს სხვა სექტორებში ხშირად უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა აქვთ, რის გამოც პროფესიაში დარჩენა აღარ უღირთ.



