ლაშა ფარულავა – ივანიშვილის კარზე ბოლო ჟამის თამაშები და „ქოცების“ შიდა წიოკი გრძელდება!

დღის სიახლეები პოლიტიკა

ბერამ ქვეყანა დატოვა – ირაკლი კობახიძემ ბატონის კარზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა და მდინარაძის ჩახრიალებაზე „აბაროტი“ აიღო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელში კრიმინალური ჯგუფია და „მხოლოდ კახი კალაძის ჩამოშორებაღა დარჩა, რომ ბატონის კარზე უალტერნატივო ფიგურად დარჩეს“.

„ივანიშვილის კარზე ბოლო ჟამის თამაშები და „ქოცების“ შიდა წიოკი გრძელდება!

ამჯერად ირაკლი კობახიძემ ისეთი სვლები გააკეთა, რომ ღარიბაშვილის ერთადერთი იმედიც ჩაქრა ბერას სახით, რომელიც ჩინეთში გრძელვადიან არდადეგებზე გაუშვეს.

მოდით, მხოლოდ ფაქტებს მივყვეთ და ფაზლებად ავაწყოთ.

ბერას „ქოლცენტრებთან“ კავშირზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა. ანუ, თაღლითური ქოლცენტრები რომ გუგუნებს და ვიღაც მფარველობს, ეს ყველამ იცის.

ლილუაშვილი რაც ჩასვეს, ეს სფერო კრიმინალებმა გადაიბარეს – პატარა ბავშვმაც კი იცის ქუჩაში. ჰოდა, ეს კითხვები დაგროვდა ბერას მიმართ, მან კი პასუხად გვითხრა, ყველას გიჩივლებთო.

მაგრამ სანამ დავით ასათიანი საჩივარს წერს, ამ დროს თბილისში ჭორები დაიყარა, ტყუპ ძმებს, ფეიქრიშვილებს, ბერას ხმოვანი მამხილებელი შეტყობინებები აქვთო.

შემდეგ „კაწროს“ და ვატოს ხაჭაპურის ჭამის გამო იჭერენ, ამ დროს კი გლდანის ციხეში დიდი გარჩევა ხდება.

ტყუპი ფეიქრიშვილების საკანში ბერას სამეგობრო მოათავსეს, დავით ფეიქრიშვილი დალეწეს და აწამეს.

პენიტენციური უარყოფს, სახალხო დამცველი დუმს, ყველა ყველაფერს უარყოფს, სანამ ნაწამები ფეიქრიშვილი „ვივამედში“ ცოცხალ-მკვდარი არ მიიყვანეს.

ანუ, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სისტემამ კრიმინალებს ჯერ ციხემდე მწვანე დერეფანი გაუკეთა და შემდეგ ამბავი გახეთქა…

ყველამ ყველაფერი გაიგო, მაგრამ არც პენიტენციური სამსახურის უფროსი და არც გლდანის ციხის უფროსი არავის დაუკავებია.

მხოლოდ ის გაირკვა, რომ ბერამ ქვეყანა დატოვა. ანუ, ირაკლი კობახიძემ ბატონის კარზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა და მდინარაძის ჩახრიალებაზე „აბაროტი“ აიღო.

ორივე კრიმინალური ჯგუფი ახლა მის ხელშია და მხოლოდ კახი კალაძის ჩამოშორებაღა დარჩა, რომ ბატონის კარზე უალტერნატივო ფიგურად დარჩეს.

სანამ „ოცნების“ შიგნით კრიმინალების ჯირითია, ამასობაში ხალხს გაზსა და წყალზე ტარიფებს უძვირებენ, სათამაშო ბიზნესს კი გადასახადებს უხსნიან და ახალგაზრდებს ლუდომანიისთვის სწირავენ.

საპატრიარქომ ამ ყველაფერს მსუსხავი კრიტიკით უპასუხა, მაგრამ ახლა მთავარი ხალხის პასუხია.

ამ კრიმინალურ, კორუფციაში ჩაფლულ და ზნეობრივად გახრწნილ პოლიტიკურ სისტემას ხალხმა ერთიანი წინააღმდეგობით უნდა უპასუხოს და ამის ერთ-ერთი შესაძლებლობა 28 ნოემბერია!“ – წერს ლაშა ფარულავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *