
პოლიტიკოსები საქალაქო სასამართლოს მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურებიან. “ფედერალისტების” ლიდერის, თამარ ცერგოლეიშვილის განცხადებით, “ჩიხში შესული რეჟიმის ამოცანა მარტივია. მას სჭირდება საზოგადოების გატეხვა და დამორჩილება იმისთვის, რომ დასავლეთს ალიევივით, ან ლუკაშენკოსავით “დაულაგდეს” და შერყეული ძალაუფლება შეინარჩუნოს”.
“ამიტომ ვისაც ტეხს, იმის მიმართ მოწყალებას იჩენს, ხოლო გაუტეხლებს სასტიკად ექცევა.
გაუტეხლობის მაგალითებია მზია, ელენე, დღეს მსჯავრდებული მოქალაქეები და ბევრი სხვა სინდისის პატიმარი!
რეჟიმმა დღევანდელი განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა პრეზიდენტის სასახლის მოგლეჯილი ღობე” – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
***

ივანიშვილის და მურუსიძის სასამართლომ საქართველოს შვიდ მოქალაქეს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 და 5 წლით, შვიდი მოქალაქე არის იმ პროვოკაციის მსხვერპლი, რომელიც „ანტი-ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა დაგეგმეს – ერთადერთი რამ, რაც ივანიშვილს აშინებს ეს არის მისი პერსონალური პასუხისმგებლობა, რასაც ივანიშვილი ვერ გაექცევა, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 7 პირის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს „ძალადობრივი პროკურატურა“.
„ივანიშვილის გუნდი შუა საუკუნეობრივი შურისძიების მეთოდებით ცდილობს, რომ საკუთარი ინტერესები გაატაროს. მისი მიზანია, უახლოეს მომავალში ტყვეებით, თავებით, ადამიანებით, მათ შორის აკადემიკოსებით, პროფესიული წრეებით, მშენებლებით, პატრიოტი მოქალაქეებით გაავსოს ტყვეების ის კალათა, რომლითაც შემდეგ უნდა ივაჭროს მხოლოდ პერსონალური მერკანტილური ინტერესების დასაცავად. ივანიშვილს არ ანაღვლებს არაფერი, გარდა საკუთარი ფინანსების უსაფრთხოებისა. მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ივანიშვილი, მურუსიძის სასამართლო და მას დაქვემდებარებული პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი პროკურატურა აკეთებს მხოლოდ ივანიშვილის საქმეს და მომავლის პროგნოზი აჩვენებს იმას, რომ მოსალოდნელია პერსონალური პასუხისმგებლობების დაყენება, მათ შორის სანქციების სახით ივანიშვილზე, ივანიშვილი დაკავებულია შუასაუკუნეობრივი შურისძიებით, ტყვეთა სყიდვით, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია. ამ შვიდი მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი საპატიმროში გამოკეტვა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმით, რომ ისინი არ აღიარებენ პროკურატურის და მურუსიძის სასამართლოს მიერ შეთავაზებულ მძიმე ბრალდებებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება, რომელსაც ასრულებს, ერთი მხრივ, ძალადობრივი, დანაშაულებრივი პროკურატურა, რომელმაც არ გამოიძია არცერთი თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე, ჟურნალისტთა კორპუსზე, სამოქალაქო სექტორზე, ამის პარალელურად მურუსიძის სასამართლო ადებს საბოლოო ბეჭედს იმ უკანონობას და ძალადობას, რაც ივანიშვილმა „ანტიქართულმა ოცნებამ“ დააკანონა. სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურ პატიმარს“-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მისი თქმით, ერთადერთი შესაძლებლობა „ივანიშვილის რეჟიმის დასავლეთთან მხილებაა“.
„ჩვენ გვაქვს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საზოგადოების ერთობითა და ჩვენი აქტიური თანამშრომლობით დასავლელ პარტნიორებთან ვამხილოთ ივანიშვილის რეპრესიული რეჟიმი და ყველას მოუწიოს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც ხდება დღეს, სასამართლო დარბაზებში, პროკურატურის ოფისებში. ერთადერთი რამ, რაც ივანიშვილს აშინებს ეს არის მისი პერსონალური პასუხისმგებლობა, რასაც ივანიშვილი ვერ გაექცევა. ეს დანაშაულებრივი კასტა აუცილებლად აგებს პასუხს პერსონალურად ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თამადობით“, – განაცხადა კუპრაძემ.
