ხუხაშვილი – სტრასბურგის თემა დაივიწყეთ! პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობა შეწყდება

დღის სიახლეები პოლიტიკა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას აზრი არ ექნება.

მან “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც კი ამ გადაწყვეტილებით დასავლეთის კარი დაიხურება, მეორე კარი გაიღება რუსეთისკენ.

“სტრასბურგის თემა დაივიწყეთ! პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობა შეწყდება და, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მიღმა დავრჩებით. როდესაც დასავლური ვექტორი დახურულია, სტრასბურგი ან ჰააგა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე ფიქრიც ზედმეტია. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ვიღაცისთვის გულის მოსაფხანად იყოს საინტერესო, მაგრამ პოლიტიკურად, როგორც კი დასავლეთის კარი დაიხურება, მეორე კარი გაიღება რუსეთისკენ! სხვა კარი არ არსებობს. ვიღაცები ქმნიან ილუზიას, რომ “მესამე გზა” ან დამოუკიდებელი არსებობა შესაძლებელია – არადა, ჩვენ არანაირი რესურსი არა გვაქვს, რომ ამ რთულ რეგიონში დამოუკიდებლად ვმართოთ პროცესები, ან დაბალანსებული პოლიტიკა გავატაროთ. ბალანსი არსებობდა მანამ, სანამ დასავლეთის კარი ღია იყო. როგორც კი ეს კარი დაიხურება, ბალანსზე ლაპარაკიც გაქრება” – განაცხადა ხუხაშვილმა ინტერვიუში.

მანვე ოპოზიციის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიცია შევიდა სამართლებრივ პოლემიკაში, ამტკიცებს თავის სიმართლეს და იბრძვის სამართლიანობისთვის. თუმცა, მისი თქმით, ამას საკმაოდ კომპეტენტურად და კარგად აკეთებს, მაგრამ ოპოზიციის მიზანია აპელირება სიმართლეზე, კომპეტენციის გამოვლენა და საზოგადოებისთვის თავის მოწონება, მაგრამ ხელისუფლებას ეს მიზანი არა აქვს!

მისი განცხადებით, ხელისუფლებას უკეთესად ესმის კონფორმიზმის ანატომია და სამიზნე საზოგადოების ფსიქოლოგია. მას არა აქვს მიზნად, რომ თავი მოაწონოს ვინმეს. მისი მიზანია ძალის დემონსტრირება.

ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება არ ცდილობს რაციონალური არგუმენტებით ლაპარაკს. “მაგალითად, გორდულაძე ყველა გამოსვლაში ამ პარტიებს მოიხსენიებს, როგორც “არაკონსტიტუციურს”, როცა გადაწყვეტილება მიღებულიც არ არის. მათი ამოცანაა საზოგადოების დაშინება, შიშისა და ნიჰილიზმის დანერგვა.

ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს ეს მოცემულობა. არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მხოლოდ სიმართლეა საკმარისი ხელისუფლების შესაჩერებლად. უნდა დაიწყოს რეალური პოლიტიკური პროცესი – ძალის ფორმირება. კონფორმისტი თავის ბანაკს იცვლის მაშინ, როდესაც დაინახავს ალტერნატიულ ძალას. ის არ მსჯელობს მხოლოდ იმ პარამეტრით, ვინ მოსწონს და ვინ არა; მან უნდა დაინახოს ძალის ცენტრი, რომ გათავისუფლდეს შიშისა და ნიჰილიზმის მარწუხებისგან. ოპოზიცია იმდენად გაერთო სამართლებრივი დავით, რომ ამ ძალის ფორმირებაზე არ ზრუნავს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი რომ მიდის, გარეთ 500 ან 1000 კაცი რომ იდგეს ქუჩაში (ხუთი პარტიაა და თითომ 100 კაცი რომ გამოიყვანოს), ადამიანები დაინახავდნენ, რომ პარტიებსა და ხალხს შორის არსებობს ბმა და ეს არ არის სტერილური პარტიული გარჩევა.

სისტემური მუშაობაა საჭირო – არა მხოლოდ დარბაზში, არამედ ყველა ინსტრუმენტის ჩართვით. ხალხს უნდა დაანახო, რომ შენ მხარეს არა მხოლოდ სიმართლე, არამედ ძალაც არის და გაქვს უნარი, შეაჩერო ეს დამანგრეველი პროცესი. მარტო ყვირილი, ხელისუფლება ცუდია, საკმარისი არ არის.” – განაცხადა ხუხაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *