გიორგი გახარიას პარტია, თუკი სასამართლო საქმიანობას აუკრძალავენ, პარლამენტს დატოვებს

დღის სიახლეები პოლიტიკა

გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს, ხელისუფლების დაკვეთის სახით, უკვე მიღებულია. სასამართლო სხდომები კი ის პროცედურული საკითხია, რომელიც უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

კერესელიძის თქმით, სარჩელში პარტიის საკითხი არის ხელოვნურად, იძულებით დამატებული.

„ყველანაირი არგუმენტით გაუგებარია, ამ სარჩელში რატომ მოხდა დამატება. სასამართლოს სხდომაზე კითხვებს ვსვამთ და მოსამართლეს ვეკითხებით, რაში მიგვიძღვის ბრალი – ვერც გვეუბნებიან, მათ შორის ვერც „ოცნების“ წარმომადგენლები, ამბობენ, მერე გეტყვითო. ამიტომ ვთხოვდით, რომ სარჩელის განხილვა ინდივიდუალურად მომხდარიყო. უნდა ყოფილიყო ნათელი, ცხადი და გასაგები, რაში გვედავება ხელისუფლება“, – აღნიშნა კერესელიძემ.

ამასთან, როგორც კერესელიძემ აღნიშნა, 12 მანდატიდან, რომელიც პარტიას აქვს და წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული.

„ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც უშუალოდ პარტიამ მიიღო და მას ეკუთვნის. ჩვენს პარტიას თუ აკრძალავენ და მას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, მაშინ ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში ამ პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და არანაირი ფასი არ ექნება. არ ექნება, რადგან ეს მანდატები ეკუთვნის პარტიას და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, ბუნებრივია, ჩვენც პარლამენტში არანაირი საქმე აღარ გვექნება, ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება. ბუნებრივია, დავტოვებთ პარლამენტს. ჩვენ არანაირი გადაცდომა, არანაირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, დარღვევები არ გვქონია. შესაბამისად, ეს არის ხელოვნურად მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის მხოლოდ პირადი შურისძიება“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *