არაფერი მოულოდნელი არ არის იმაში, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით როცა ივანიშვილის რეჟიმი საჯაროდ აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, კრძალავს პოლიტიკურ არჩევანს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ პარტია ,,ფედერალისტების” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით მისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა მოუვა რომელიმე პარტიას, არამედ ის თუ რისთვის აკეთებს ამას ივანიშვილის რეჟიმი”,
,,რატომ ავლენს მათი არჩევანის შეზღუდვას და ყველას მიმართ უნდობლობას, იმიტომ რომ მას უნდა, რომ გააგრძელოს საქართველოს მომავლის უსაფრთხოების და საქართველოს ყველა მოქალაქის შვილების მომავლის ხარჯზე გამდიდრება, ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ.
ამიტომ ახლა, რაც საქართველოში ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების ამბავი, ეს არის არჩევანის და უპრეცედენტო უნდობლობის ამბავი, საქართველოს მოქალაქეების მიმართ. იმ რეჟიმისა და იმ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვის, რომელიც ყოველ დღე საქართველოს მოქალაქეების მომავლის ხარჯზე მდიდრდებიან და უნარჩუნებენ ძალაუფლებას“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმითვე, თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ხედავს ყოველთვის, როცა თავისუფალი საზოგადოება გადადგამს ნაბიჯებს საკუთარი ინტერესების, საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად.
,,მე დარწმუნებული ვარ ასე იქნება ყველა ჯერზე, მაშინაც როცა გვინდა ყოველთვის მეტი თავისუფალი სამყაროსგან, ეს არ ცვლის იმას თუ რა არის ჩვენ ეროვნულ ინტერესში. ჩვენ ეროვნულ ინტერესში არის, რომ გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც არ არის ინფილტრირებული მტრების ინფრასტრუქტურით, როგორც არის რუსეთის და აიათოლების ირანი, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს”,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის პრობლემა, ამიტომ მნიშვნელოვანია დასავლეთი საქმის კურსში იყოს, რა ხდება ამ ქვეყანაში. ამის შესახებ კი ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განუცზხადა.
“ქვეყანაში სერიოზული ამბები ხდება და როდესაც ასეთი კრიზისული მდგომარეობაა, როდესაც არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობას ემუქრება საქმე, მე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემა. ეს გახლავთ მთლიანად დასავლური უსაფრთხოების პრობლემა, როდესაც კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს ასრულებს საქართველოში – კრემლის მთავარი ზრახვა რაც იყო, რომ ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არსებულიყო ჩვენება სასამართლო ინსტიტუციის, თუნდაც მიტაცებულის მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებთან. შეიძლება “ოცნებას” მიაჩნია, რომ ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები არიან რუსები ან არაბები, მაგრამ ჩვენ ასე არ მიგვაჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი, ამიტომაც ჩვენი შთაბეჭდილებები და პოზიციები გავუზიარეთ.
მნიშვნელოვანია დასავლეთი საქმის კურსში იყოს, რა ხდება ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, საქართველო არ გახლავთ ევროპისგან განცალკევებულად აღსაქმელი. არაერთხელ უთქვამთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე, ამიტომ თბილისში რაც ხდება, ამით ძირი ეთხრება არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ევროპულ უსაფრთხოებასაც. ზოგადად, ყველა შეხვედრაზე განხილვადია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და ახლა ყველაზე აქტუალური საკითხი ვიცით რაც არის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ, დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით – ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და ამ დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებენ.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაში გასაკვირი არაფერია, რადგან “ეს ოპოზიცია კარდაკარ დადიოდა და ქვეყნის დასანქცირებას მოითხოვდა”.
“ამას აღარც გადათარგმნა უნდა და აღარც გადმოთარგმნა. ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით. ყოველ ჯერზე მათი ეს მცდელობა დამთავრდა დემოკრატიისთვის საზიანოდ და ოპოზიციის გამანადგურებელი შედეგებით, ამიტომ აგრძელებენ ამ პრაქტიკას. სხვა ხედვა, ინსტრუქცია არ აქვთ. ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და აგრძელებენ ამ დესტრუქციულ ქმედებას. ოპოზიციას ქვეყნის შიგნით არანაირი დასაყრდენი არ აქვს. ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ, კაცო?! ეს ოპოზიცია დადიოდა კარდაკარ და იძახდა, რამე ქენით, დაასანქცირეთ ეს ქვეყანაო – რამენაირად ამ ქვეყანას გაუჭირდეს, იქნებ ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდესო. ეს იყო ამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ?!” – განაცხადა ქადაგიშვილმა.



