საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ფონდი 395 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაშია აღნიშნული.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო და 1 735 ლარი გახდება. [შედარებისთვის, 2026 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო – 1 600 ლარს შეადგენდა].
შედეგად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით გაიზრდება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი.
გარდა ამისა, როგორც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, მომავალი წლის იანვრიდან დაგეგმილია: სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების; საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების პერსონალის; ინკლუზიური განათლებისთვის შესაბამისი უნარების მქონე მასწავლებლების ხელფასების; ასევე ჯარისკაცებისა და პოლიციელთა ხელფასების ზრდა.
BPN.GE


