გორში, სტალინის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოქალაქე ნინო სუბაში და მისი ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან იძულებით გამოასახლეს. ამის შესახებ “ქართლის ამბები” იუწყება.
ნინო სუბაში ამბობს, რომ ბანკიდან სესხი აიღო და თანხა დროულად ვერ გადაიხადა. საფინანსო ორგანიზაციას სესხის გადავადების თაობაზე მიმართა, თუმცა, მისი განმარტებით, უარი მიიღო.
როგორც დაზარალებულმა ჟურნალისტებს განუმარტა, ბინა ბანკმა აუქციონზე 3 ათას დოლარად გაიტანა. ქონება შეიძინა მესამე პირმა. მესამე პირმა კი საცხოვრებლის სანაცვლოდ 40 ათასი დოლარი მოითხოვა, რისი გადახდაც ოჯახმა ვერ შეძლო.
,,ეს არის სისასტიკე, თვითონ ბანკმა და მთავრობამ მომიწყო ეს გენოციდი. ამას ასე არ დავტოვებ”- განაცხადა ნინო სუბაშმა.
ნინო სუბაშის მხარდასაჭერად ადგილზე იმყოფებოდნენ ორგანიზაცია „ხალხის ხელისუფლება — სახალხო სამართლის“ წარმომადგენლები, რომლებიც აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა სადარბაზოში არ შეუშვეს. მუშაობის საშუალება არც მედიას მისცეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.


