პროტესტი პარიზში – სკოლის დირექტორს ბენზინი გადაასხეს, შენობები კი იწვის

დღის სიახლეები უცხოეთი

საფრანგეთში სკოლებში საპროტესტო აქციები ძალადობრივ პროტესტში გადაიზარდა და სულ უფრო მეტ ფრანგულ ქალაქს მოიცავს. ხუთშაბათს, თავდამსხმელებმა პარიზის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს სულ მცირე ორ სკოლას, იტყობინება Reuters მერიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
მარსელის პოლიციის ცნობით, ასობით ახალგაზრდამ ალყა შემოარტყა სახანძრო მანქანას, რომელიც ხუთშაბათს დილით სენტ-ეგზიუპერის ლიცეუმში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა. მათ მეხანძრეები აიძულეს, მანქანა მიეტოვებინათ და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.
პროკურატურის ცნობით, მარსელის კიდევ ერთ ლიცეუმში (ვიქტორ ჰიუგოს ლიცეუმი) დირექტორს თავს დაესხნენ და დაჭრეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დასავლეთ საფრანგეთის ქალაქ ნანტში, სკოლის დერეფანი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა.

ქვეყნის ჩრდილოეთით, ლილში, მოსწავლეებმა ნაგვის ურნებისგან დროებითი ბარიკადები ააშენეს და ხუთშაბათს ცეცხლი წაუკიდეს.

სტრასბურგში, მეხანძრეებმა სკოლის მახლობლად ნაგვის ურნების დაწვის შემდეგ მოწოდება მიიღეს. დიჟონში პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

გასულ კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ეპიცენტრიც ილ-დე-ფრანსის რეგიონი იყო.

სკოლის მოსწავლეები მასწავლებლების დეფიციტს, გადატვირთულ საკლასო ოთახებს, სკოლის შენობების ცუდ მდგომარეობას და მოსწავლეთა დატვირთვას აპროტესტებდნენ.

თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ახალგაზრდული დემონსტრაციებით დაწყებული პროტესტი ვანდალიზმსა და პოლიციასთან ძალადობრივ შეტაკებაში გადაიზარდა, რომელმაც აგრესიის მკაცრად ჩახშობის პირობა დადო.

სტუდენტები, თავის მხრივ, პოლიციას ძალადობის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთმა მომიტინგემ თავის ტრავმა მიიღო, რასაც პროკურორები პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებას მიაწერენ.
ბოლო დღეებში სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის 440 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 76 მომიტინგე და 48 სამართალდამცავი დაშავდა. დაკავებულთა უმეტესობა არასრულწლოვანი იყო.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით ათასი ადამიანი დააკავეს, მაგრამ, როგორც ჩანს, უმეტესობა მალევე გაათავისუფლეს.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *