შიო მესამე რუსეთის დელეგაციას კონფლიქტურ რეგიონებზე ესაუბრა – რა ითქვა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე

დღის სიახლეები საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა შიო მესამემ რუსეთის ეკლესიის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ავრცელებს.

საპატრიარქოში იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონ სევრიუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, მიტროპოლიტის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი, რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, ასევე მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი.

სტუმრებმა პატრიარქს აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ გამოინახოს გზები, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საშუალება ჰქონდეს ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, საუბარი შეეხო იმ ძირითად პრობლემურ საკითხებს, რომლებიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.

“ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და საფუძვლად უდევს და ამიტომ საპოვნელია გზები, რათა ურთიერთობებში გადაილახოს დამაბრკოლებელი პრობლემები. ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობები როგორც საქართველოსთვის, ისე საქართველოს ეკლესიისთვის. ორივე მხრიდან აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშავოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს. ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ მომავალში შესაძლოა, გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს იმისთვის, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს” – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *