თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) სტუმრობისას განაცხადა, სადაც სპეციალურად თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს დედაქალაქისთვის სპეციალურად შეიქმნა მატარებლის ახალი ვაგონები, რომელიც უნდა გახდეს თბილისის მეტროს განუყოფელი ნაწილი და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის სიმბოლო.
მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სრულიად თანამედროვე პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც წლის ბოლოს იქნება თბილისში. ასევე, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მეტროპოლიტენს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11- 5-ვაგონიანი.


