ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. „რეპორტის“ ცნობით, დუბლინი-თბილისის ჩარტერული რეისი 20 სექტემბერს შესრულდა, ხოლო ფრენის ხარჯებმა 225 575 ევრო შეადგინა. დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცი, 7 ქალი და 3 ბავშვია. ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, კაცებიდან ოთხი წარსულში ნასამართლევი იყო.
„ცდილობენ, მარტივად შეავსონ თვითმფრინავში ადგილები და საქართველოში გამოუშვან ის მოქალაქეები, რომლებიც ირლანდიაში არალეგალურად იმყოფებიან“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ირლანდიაში მცხოვრები ქართველი, კახი გიგაური აცხადებს.
როგორც კახი გიგაური „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, სადეპორტაციო ორდერის გამოცემის შემდეგ, თუ პირი შემოწმებაზე მოხვდა ან საცხოვრებელ მისამართზე მიაკითხეს და დააკავეს, ჩარტერული რეისის შევსებამდე ის ციხეში გადაჰყავთ, სადაც პირობები საკმაოდ მძიმეა.
„საემიგრაციო პოლიტიკას რომ გავყვეთ და დეპორტაციებზე ვისაუბროთ, ეს პროცესი ბოლო დროს, სამწუხაროდ, გახშირდა. მიზეზი ის არის, რომ საქართველოს მიმართულებით ჩარტერული რეისები აქვს ირლანდიას.
შესაბამისად, ცდილობენ, მარტივად შეავსონ თვითმფრინავში ადგილები და საქართველოში გამოუშვან ის მოქალაქეები, რომლებიც ირლანდიაში არალეგალურად იმყოფებიან.
როდესაც საერთაშორისო დაცვის ოფისიდან უარს იღებ, აპლიკანტს ეძლევა საშუალება, ქვეყანა ან მოხალისეობრივად დატოვოს, ან მასზე სადეპორტაციო ორდერი გამოიწერება. აღნიშნული ორდერის გამოცემის შემდეგ, თუ შემოწმებაზე მოხვდი ან მაგალითად, სახლში შემოვიდნენ… ასეთი შემთხვევებიც არის, რომ პირს საცხოვრებელ მისამართზე აკითხავენ და აკავებენ.
ამ ყველაფრის შემდეგ, ჩარტერული რეისის შევსებამდე, ციხეში გადაჰყავთ დაკავებული პირი. სამწუხაროდ, იქ ადამიანები ჩვეულებრივ კრიმინალებთან ერთად სხედან და ძალიან არასასიამოვნო პირობებში უწევთ ყოფნა.
შესაბამისად, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გახშირება სწორედ ამ ჩარტერული რეისების არსებობით არის განპირობებული. თორემ, ზოგადად, სხვა ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქეც შეიძლება დააკავონ, უბრალოდ, ცალკეული შემთხვევები ერთად ვერ იყრის თავს, რადგან მათთვის პირდაპირი ჩარტერული რეისები არ არსებობს“, – აცხადებს კახი გიგაური.
„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, რამდენად შეესაბამება რეალობას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეპორტაციის მიზეზი ხშირად კრიმინალია, ირლანდიაში მცხოვრები ქართველი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს პროცესი კრიმინალურ შემთხვევებს არ უკავშირდება. პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც გამოადეპორტეს. რა ითვლება კრიმინალად? თუ უცხოური მედია გულისხმობს იმას, რომ კანონდარღვევაა, როდესაც ქვეყანა გეუბნება, წახვიდე, შენ კი არ მიდიხარ და არალეგალურად რჩები – დიახ, ეს კანონდარღვევაა.
თუმცა, ის ინფორმაცია, თითქოს ვინმემ კრიმინალი ჩაიდინა, ამის გამო დააკავეს და საქართველოში გამოუშვეს, მცდარია. ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც რეალურად პატიოსნად შრომობდა და გადასახადებსაც იხდიდა. მათი ერთადერთი კანონდარღვევა ის იყო, რომ ქვეყანაში ყოფნის უფლება არ ჰქონდათ. სწორედ ამის გამო გამოიწერა მათზე დეპორტაციის ორდერი და სპეციალურ სამსახურებსაც მათი დაკავება მოუწიათ.
ქართველები ამ კუთხით ნამდვილად არ არიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. გაძევების რისკის ქვეშ თანაბრად დგას ყველა, ვისაც ქვეყანაში ყოფნის უფლება არ აქვს. უბრალოდ, რაკი ჩვენ უფრო მეტად საქართველოსთან დაკავშირებულ ამბებს ვადევნებთ თვალს, შესაძლოა, ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება.
ირლანდიაში ათასობით ქართველი ვცხოვრობთ, ბოლო ჩარტერულ რეისზე კი მხოლოდ 43 ქართველი იყო. ათასობით ადამიანიდან 43 ძალიან მცირე რაოდენობაა.
ერთადერთი სპეციფიკა ის არის, რომ ქართველების მიმართ საერთაშორისო დაცვის ოფისისგან პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ჭირს. ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული, მათ დასარწმუნებლად ძალიან მყარი მტკიცებულებებია საჭირო.
თვითონ პროცესი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, სახელმწიფოს არწმუნებს, რომ სამშობლოში საფრთხე ემუქრება. თუ ვერ დაარწმუნა, მოდის უარი, რომელსაც მოსდევს გასაჩივრება, კვლავ უარი, სხვადასხვა პროცედურა და საბოლოოდ, მინისტრის გადაწყვეტილება, სადაც გეუბნებიან: ან წადი, ან გაგაძევებთ.
ადამიანებს ძალიან ხშირად ერევათ, რას ნიშნავს „უსაფრთხო ქვეყანა“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ კრიმინალი ან ჩაგვრა საერთოდ არ ხდება, ან რაიმე პრობლემა არ შეგექმნება. უსაფრთხო ქვეყანა ნიშნავს იმას, რომ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად, ვინმე გავიწროებს ან გცემს, პოლიცია ქმედითია და დაგიცავს. ხოლო თუ პოლიცია არ არის ქმედითი, შენს კონკრეტულ შემთხვევაზე ეს სახელმწიფოს თავად უნდა დაუდასტურო“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ კახი გიგაურმა.
BPN.GE
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
